ა-2371-ბ-29-05 15 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ჟ. ზ-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. პ-ო--მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ზ-მ სარჩელი აღძრა მ. პ-ო--მ-ისა და მისი მეუღლე ლ. მ-ის მიმართ 30600 აშშ დოლარის დაკისრების გამო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ჟ.ზ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. პ-ო--მ-ს დაეკისრა 20500 აშშ დოლარისა ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა ჟ. ზ-ს სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1025 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა 150 ლარის ოდენობით. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ო--მ-მ, ხოლო ჟ.ზ-მ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.პ-ო--მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ჟ.ზ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.პ-ო--მ-ს ჟ.ზ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 29776 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 637 ლარის ნაწილის _ 522 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების _ 250 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ.პ-ო--მ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ჟ. ზ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: ჟ.ზ-ს ჩაბარდა მ.პ-ო--მ-ის საკასაციო საჩივრის ასლი, თუმცა საკასაციო პალატამ მას შეპასუხების წარსადგენად ვადა არ დაუდგინა, რის გამოც მხარეს განზრახული ჰქონდა შეპასუხება წარედგინა სასამართლო სხდომაზე. საქმის ზეპირ განხილვაზე ჟ.ზ-ო ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რაც წინასწარ აცნობა სასამართლოს და მოითხოვა პროცესის გადადება, მოგვიანებით კი მიიღო გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც ირკვეოდა, რომ საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილი, როდესაც არ აცნობა მხარეს საქმის განხილვის ფორმის შესახებ და შესაძლებლობა არ მისცა, წარედგინა შეპასუხება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ჟ. ზ-ს განცხადების დასაბუთებულობაზე და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არ ეცნობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, რის გამოც ვერ შეძლო მ. პ-ო--მ-ის საკასაციო საჩივარზე შეპასუხების წარდგენა.
საკასაციო სასამართლო ჟ.ზ-ს აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული მ.პ-ო--მ-ის საკასაციო საჩივრის გზავნილებით (ს.ფ. 281, 293) დასტურდება, რომ ჟ.ზ-ს შეპასუხების წარსადგენად ვადა მიეცა მოცემული საქმის განხილვის ბოლომდე. ამდენად, მხარე უფლებამოსილი იყო, თავისი შეპასუხება პირადად ან ფოსტის მეშვეობით წარმოედგინა სასამართლოსათვის საკასაციო საჩივრის ასლის ჩაბარების მომენტიდან ნებისმიერ დროს საქმის განხილვამდე, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობით მას არ უსარგებლია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე არ ეცნობა, ვინაიდან ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თუ განჩინება ბათილად იქნება ცნობილი, თუ მხარე კანონით დადგენილი წესით არ იქნება მიწვეული საქმის ზეპირ განხილვაზე. მოცემულ შემთხვევაში კი დავა განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, ამდენად, დასახელებული მუხლი განსახილველ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.
ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ, როგორც ჟ.ზ-ს, ისე მის წარმომადგენელს სასამართლო უწყება საქმის მხარეთა დაუსწრებლად განხილვის თაობაზე გაეგზავნათ (ს.ფ. 298).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და ჟ.ზ-ს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. ზ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.