¹ა-1784-ბ-55-07 12 დეკემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჟ. ზ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ჟ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2006 წლის 19 ოქტომბერს ჟ. ზ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით მას რეალურად არ ჩაჰბარებია, მართალია საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ მას განჩინების ასლი ჩაჰბარდა, მაგრამ შეტყობინებაზე არსებული ხელმოწერა განმცხადებელს არ ეკუთვნის, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შპს “საქართველოს ...ის” ფილიალის _ “აჭარის ...ის” 2006 წლის 25 სექტემბრის ¹... წერილი, ამდენად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეევსო ხარვეზი, რის გამოც მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საფოსტო წერილით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი დამტარებელმა დ. ხ-მ განმცხადებლის ბათუმში არყოფნის დროს ჩააბარა მის მეზობელს, რომელმაც შეტყობინებაზე ხელი ზ-ს გვარით მოაწერა, მაგრამ აღნიშნული წერილი მეზობელმა იმავე დღეს უკან დააბრუნა და განაცხადა, რომ ჟ. ზ-ო ქალაქში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, საფოსტო წესების თანახმად, წერილი გაფორმდა აღნიშვნით, რომ ადრესატი ქალაქში არ იმყოფებოდა და წერილი და შეტყობინება დაბრუნებულ იქნა თბილისში მეორე დღესვე, ხოლო ფოსტის მექანიკური შეცდომის გამო, არ გაუქმებულა შეტყობინება, რომელსაც სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო. აღნიშნული დასტურდება ფოსტის მიერ დაბრუნებული კონვერტით, რომლითაც ირკვევა, რომ ჟ. ზ-ს ქალაქში არ ყოფნის გამო, გზავნილიარ ჩაჰბარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს, რის გამოც ჟ. ზ-ს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა განახლდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს ჟ. ზ-ს განცხადება, გაუქმდეს ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდეს დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.