Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №710აპ-17 ქ. თბილისი

ჯ-ე გ., 710აპ-17 1 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჯ-ს ბრალი დაედო ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისისა და 2015 წლის 1 ივლისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევმა გ. ჯ-მ 2017 წლის პირველ მარტს, ღამის საათებში, დააზიანა ქ. თბილისში, ….. მე-….. მკრ/რ-ნის კორპუს №…..-ში მდებარე სუპერმარკეტ „…..“ შესასვლელი კარი, საიდანაც სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების ნივთს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით გ. ჯ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით, 10 (ათი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ. აპელანტმა ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ჯ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით, 10 (ათი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 31 ივლისიდან.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის - ს. მ-ს, მოწმეების: გ. ბ-ს, ს. მ-ს, მ. ღ-სა და სხვათა ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერების, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნის, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №….. დასკვნის, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №….. დასკვნის, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - ზ. ჯ-ს, ნ. კ-ს, მ. ჩ-ს ჩვენებების, გ. ჯ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისისა და 2015 წლის 1 ივლისის განაჩენებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ. ჯ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში (ორ ფაილად), დათარიღებული 01.03.2017 წლით, ასახულია სუპერმარკეტ „.....” გარე პერიმეტრი. შემდეგ კადრში შემოდის მამაკაცი ღია ფერის შარვლითა და მუქი ფერის ქურთუკით, მას სახეზე აფარებული აქვს ქურთუკის საყელო. იგი მიდის სუპერმარკეტის კართან და ცდილობს მის შემტვრევას. შემდეგ მასთან მიდის მამაკაცი, რომელიც ცდილობს მის გაჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებს და მას ეხმარება მეორე მამაკაცი, რომლებიც ერთად, ძალით გამოათრევენ ზემოხსენებულ მამაკაცს სუპერმარკეტის კარიდან. მეორე ფაილის გახსნისას ჩანაწერში ჩანს სუპერმარკეტ ,,.....” შესასვლელი კარის შიდა პერიმეტრი. სუპერმარკეტის კართან, გარედან მიდის ლურჯი ჯინსის შარვალსა და მუქი ფერის ქურთუკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც რამდენჯერმე ძლიერად ეჯახება კარს და ცდილობს მის ჩამტვრევას. დაჯახების დროს იმსხვრევა სუპერმარკეტის კარის მინის ნაწილი, რის შემდეგაც მამაკაცი ამსხვრევს მინას ქვით. ამის შემდეგ მამაკაცი ხელს ყოფს შიგნით და ცდილობს კარის გაღებას. შემდეგ მასთან მიდის მამაკაცი, რომელიც ცდილობს მის შეჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებს. მუქქურთუკიანი მამაკაცი ჩამსხვრეული მინიდან სუპერმარკეტში შეღწეულია სანახევროდ, რა დროსაც მათთან მიდის მეორე მამაკაციც და ორივენი ერთად, ძალის გამოყენებით, აშორებენ მუქქურთუკიან მამაკაცს სუპერმარკეტის კარს. მოვლენათა განვითარების თვალსაზრისით, აღნიშნული მტკიცებულების გაანალიზებისა და შეფასებისას სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ქმედება სხვა არაფერია, თუ არა სუპერმარკეტ „.....” შეღწევის მცდელობა, რასაც იგი ახორციელებს მის მიერ უკვე დაზიანებული სუპერმარკეტის კარიდან (კარის მინა უკვე ჩამსხვრეულია გ. ჯ-ს მიერ ჯერ დაჯახებით, შემდეგ - ქვით), კერძოდ, ჩამსხვრეული მინიდან ხელს ყოფს შიგნით კარის სახელურზე და ცდილობს მის გაღებას, ამასთან, სანახევროდ უკვე შესულია დაზიანებულ (გატეხილ) კარში. სააპელაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ჯ-ს განზრახვა მიმართული იყო არა სუპერმარკეტის ქონების დაზიანებისკენ (სწორედ ქონების დაზიანების შემდეგ, მინაჩამსხვრეული კარიდან შიგნითა სახელურის გაღებით ცდილობს მსჯავრდებული სუპერმარკეტში შეღწევას), არამედ - სუპერმარკეტში შეღწევით იქ დაცული, სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისკენ. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მტკიცებულებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. ჯ-ე მოქმედებდა მარტო, ღამის საათებში, როდესაც სუპერმარკეტი დაკეტილი იყო, რათა თავი აერიდებინა როგორც სუპერმარკეტის პერსონალთან, ისე სხვა, გარეშე პირებთან უშუალო შეხვედრისთვის, შესაბამისად, სახეზეა ქურდობის ობიექტური მხარის აუცილებელი ნიშანი - ფარულობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ჯ-ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სუპერმარკეტ ,,.....” შესასვლელი კარის დაზიანებით შიგნით შეღწევით იქ დაცული სხვისი ქონების ფარულად დაუფლებისკენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაშიც მას ხელი შეუშალეს. შესაბამისად, დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე.

იმავდროულად, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას, რომ გ. ჯ-მ დანაშაული ჩაიდინა, როგორც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა პირმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს ქურდობას იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება გ. ჯ-ს ედავება და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენითაც გაზიარებულია, რომ ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს იგი ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ფაქტობრივად, აღიარებულია ერთგვაროვან დანაშაულთა საშიში რეციდივი და კანონიც სწორედ ამ პრინციპით ამკაცრებს ასეთ პირთა პასუხისმგებლობას.

მოცემულ შემთხევაში, მართალია, გ. ჯ-ს მიმართ საქმის მასალებში მოიპოვება ორი განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისისა და 1 ივლისის განაჩენები), რომლებითაც დასტურდება, რომ მას ჩადენილი აქვს, შესაბამისად - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, მაგრამ საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოცემული სამივე დანაშაულებრივი ქმედება გ. ჯ-მ ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე (2015 წლის 4 მარტს, 7 მარტს და 24 მარტს). შესაბამისად, გ. ჯ-ე მეორე განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის განაჩენი) სავსებით სამართლიანად არ იქნა მსჯავრდებული დანაშაულის არაერთგზის ჩადენის გამო. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მხოლოდ განაჩენის თარიღებისა და მათი საერთო ჯამის მითითების საფუძველზე, პირის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჯ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ქურდობის მცდელობა არაერთგზის).

სააპელაციო პალატამ სასჯელთან დაკავშირებით მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, გაეროს გენერალური ასამბლეის 1959 წლის „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის „მინიმალური სტანდარტული წესების არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) მოთხოვნები, ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-თვის სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება (რაც უნდა შეუმცირდეს 1/4-ით) სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს; იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორებიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატამ ყურადღება გაამახვილა სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათზე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან აცილებას, ზოგადად, კრიმინალის შემცირებას. ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გ. ჯ-ს ჩადენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობის მცდელობა, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია. იგი ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. კერძო პრევენციის კუთხით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, გ. ჯ-ე ნასამართლევია განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის სამი ეპიზოდისთვის, და მისთვის შეფარდებული სასჯელი არ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი. მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი, განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა. გარდა აღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-თვის განსაზღვრული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის საბოლოო სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ გ. ჯ-ს ქმედება სამართლებრივად სწორად არ შეფასდა და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, რის თაობაზეც სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ამომწურავად მსჯელობს გასაჩივრებულ განაჩენში.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი