¹ვ-230-ბ-26-07 11 ივლისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი – ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ე
მესამე პირი - კ. გ-ე
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სანოტარო მოქმედებისა და ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. კ-ის მიმართ სანოტარო მოქმედებისა და ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ... ნოტარიუს დ. კ-ის მიერ, ახალციხის ნოტარიუსის სახელით, ახალციხის სანოტარო ბიუროში დამოწმებულ იქნა ანდერძი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მისმა მშობლებმა ერთობლივად ააშენეს საცხოვრებელი სახლი. დედის გარადაცვალების შემდეგ მამამისი ზ. ჩ-ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ე. მ-სთან და მას აჩუქა ბინის ½ ნაწილი. ე. მ-მ ბინა მთლიანად უანდერძა თავის ძმისშვილს – ც. გ-ს. აღნიშნული ანდერძი შედგენილია და დამოწმებულია კანონის დარღვევით. ე. მ-ე ანდერძის შედგენის დროს ქმედუუნარო იყო. ანდერძი შედგენილია ტექნიკური საშუალებით, იგი არ დამოწმებულა მოწმეთა თანდასწრებით. ანდერძში მითითებული არ არის ანდერძის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დრო, ასევე არ არის გადახდილი “დღგ” და არ აღრიცხულა სარეგისტრაციო ჟურნალში. დ. კ-ს უფლება არ ჰქონდა, ახალციხის ნოტარიუსის მოვალეობა შეეთავსებინა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის ნოტარიუსის მოვალეობის შემსრულებლის – დ. კ-ის მიერ 2000 წლის 10 აგვისტოს დამოწმებული ე. მ-ის ანდერძი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეწამეო და გკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ. ჩ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა 20 - დღიანი ვადა, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეწამეო და გკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება.
ნ. ჩ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის მითითებით, მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დროულად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აღმოჩნდა სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში და მისგან დამოკიდებელი მიზეზით ვერ მოხვდა საქმის განმხილველ მოსამართლესთან. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა ნ. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და თვლის, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის ნოტარიუსის მოვალეობის შემსრულებელ დ. კ-ის მიერ 2000 წლის 10 აგვისტოს დამოწმებული ე. მ-ის ანდერძი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეწამეო და გკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნ. ჩ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, მან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დროულად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აღმოჩნდა სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში და მისგან დამოკიდებელი მიზეზით ვერ მოხვდა საქმის განმხილველ მოსამართლესთან. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ჩ-მ განცხადება შეიტანა არაგანსჯად სასამართლოში, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატის განჩინება კი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ისეთი გარემოება, როდესაც სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და თვითონ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ჩ-ის განცხადება უნდა განიხილოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 424-ე, 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ – განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.