ა-3351-ბ-47-05 10 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – დ. ჩ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. და ა. შ-ები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჩ-მ და ა. ი-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების _ ჯ. და ა. შ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ჯ. და ა. შ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დ.ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ჩ-ს წარმომადგენელმა ა. ი-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2005 წლის 30 ნოემბერს დ. ჩ-ს წარმომადგენელმა ა. ი-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე _ მ. ც-ე, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული იმავე მხარეებს შორის სხვა დავის განხილვაში, ასევე კასატორს სასამართლო უწყება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყება კი, მის ნაცვლად სხვა პირის მიერაა ხელმოწერილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით დ.ჩ-ს განცხადება დარჩა განუხილველი, თუმცა ამავე სასამართლოს 2006 წლის 2 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მხარის განცხადების საფუძველზე ზემოხსენებული განჩინება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005 წლის 13 ივლისს მხარეთა დაუსწრებლად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა დ. ჩ-ს წარმომადგენელ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილი და მოცემული საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ კასატორს კანონით დადგენილი წესით არ აცნობა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ სასამართლო უწყება კასატორ დ. ჩ-ს წარმომადგენელ ა.ი-ს ჩაბარდა. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას აღნიშნულ უწყებაზე ა. ი-ის ხელმოწერის გაყალბების თაობაზე, ვინაიდან მითითებული გარემოება მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებით არ დაუდასტურებია.
ასევე დაუსაბუთებელია განმცხადებლის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე მ. ც-ე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ განჩინების მიღებაში. განმცხადებელი მოსამართლე მ.ც-ის საქმის განხილვაში მონაწილეობას უკანონოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ მითითებულმა მოსამართლემ წარსულში განიხილა სხვა დავა ა.ი-სა და ჯ.შ-ს შორის.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გარკვეული საქმის განხილვაში, თუმცა მხარეებს შორის დავის განხილვის შემდეგ იმავე მხარეების მონაწილეობით სხვა დავის განხილვაში მონაწილეობის აკრძალვას კანონი არ ითვალისწინებს. ამდენად, განმცხადებლის აღნიშნული მოსაზრება ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და დ. ჩ-ს განცხადების დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ჩ-ს წარმომადგენელ ა. ი-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.