Facebook Twitter

საქმე # 010100218700053369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №77აპ-18 ქ. თბილისი

შ. ლ., 77აპ-18 18 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. შ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. შ., რომელიც მუშაობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შპს ,,ტ-ს” საბარგო განყოფილების მუშად, 2015 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 02:40 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბარგო განყოფილებაში, მოქალაქე მ. ხ-ს კუთვნილი ხელჩანთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 15285 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 36531 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ლ. შ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. შ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გამართლებულ ლ. შ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარულად განხორცილება; 3 მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.

განსახილველ შემთხვევაში, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ლ. შ-ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიუთითებს, არის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაფიქსირებულია, თუ როგორ იღებს ლ.შ. მოძრავი საბარგო ლენტის მეშვეობით იმავე ადგილზე გადაადგილებულ შავი ფერის ჩანთას და დებს ძირს; შემდგომ იხრება და მას ხელით ამოწმებს. აღნიშნული ვიდეოფაილი დაათვალიერეს მოწმეებმა: ა. ბ-მ, მ. შ-მ, ვ. ხ-მ და ზ. მ-მ, რომლებმაც განმარტეს, რომ ლ. შ-მ რაღაც ნივთი ამოიღო ჩანთიდან. თუმცა, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებით - ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ა. გ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ვიდეომასალაში 03:06:45 საათიდან, კადრის მარჯვენა მონაკვეთში ფიქსირდება მამაკაცი, რომელსაც აცვია რუხი მაისური, მუქი შარვალი და შავი ფეხსაცმელი, კისერზე ჰკიდია ბეიჯი ცისფერი ზონრით, ხელში უჭირავს მუქი ჩანთა და გამოსახულების ვიზუალური შეფასების მიხედვით ის ჩანთას ხელით ეხება. ჩანთიდან ნივთის ამოღების ფაქტი კადრში დაფიქსირებული არ არის. კერძოდ, მის ხელში არ ჩანს რაიმე ნივთი. მე-8, მე-6 და მე-4 ვიდეო გამოსახულებებში ჩანთიდან მამაკაცის მიერ თანხის ამოღების ფაქტი არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ლ. შ-ს მიერ ჩანთიდან ფულადი თანხის ფარულად დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულმა მ. ხ-მ სახლში ყოფნის დროს ფული ჩანთაში მოათავსა, აეროპორტამდე ტაქსით იმგზავრა, ტაქსი გზაზე შეაჩერა, 3-5 წუთით მაღაზიაში გადავიდა ისე, რომ ჩანთა, რომელშიც ფული ჰქონდა მოთავსებული, თან არ წაუღია, ხოლო აეროპორტში მისულს, იყო თუ არა ისევ ჩანთაში ფული, არ შეუმოწმებია. მ. ხ-მ თურქეთში ჩასვლისას, აეროპორტში შეამჩნია, რომ ფული ჩანთაში აღარ იყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუდგენელია ზუსტად ვინ და სად დაეუფლა ფარულად დაზარალებულის ფულად თანხას.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტაციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ლ. შ-სათვის ბრალად შერაცხულ ქმედებას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენი უცვლელად დატოვა.

10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ლ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ. შ-ს ბრალეულობაში - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №480აპ-16).

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი