Facebook Twitter

¹ა-1129-ბ-36-07 4 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – კ. შ-ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით კ. შ-ს წარმომადგენელ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება.

2007 წლის 18 ივნისს კ. შ-ს წარმომადგენელმა ა. კ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კ. შ-ს წარმომადგენლის ა. კ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

საქმის მასალების შემოწმებამ ცხადყო, რომ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობა აქვს მიღებული მოსამართლე მ. ს-ს სააპელაციო სასამართლოში. კერძოდ, მოსამართლე მ. ს-მა, როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ 2000 წლის 5 ივლისსა და 7 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო შპს “... ბანკის” ლიკვიდატორის კერძო საჩივრების განხილვაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 431-ე მუხლის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქმის წარმოება განახლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 430-ე მუხლის მესამე ნაწილით, 431-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. შ-ს წარმომადგენლის ა. კ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება;

საქმის განხილვა დაინიშნოს 2007 წლის 26 ივლისს 12 საათზე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.