Facebook Twitter

ა-1337-ბ-41-07 14 სექტემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილმა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 26 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. გ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 23 აპრილის განჩინება.

2007 წლის 27 ივლისს გ. გ-მ განცხადებით მიმართა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-427-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 26 ივლისის განჩინებიდან ირკვევა, მოცემულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

ამდენად, გ. გ-მ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ უნდა მიმართოს მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამომტან – თერჯოლის რაიონულ სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განსჯადობის წესების დაცვით განცხადების შეტანის მოთხოვნებს, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, 429-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 26 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.