ა-1022-ბ-37-07 3 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრიასაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ლ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “.. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2007 წლის 29 ივნისს ლ. ს-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ლ. ს-ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქმის მასალების შემოწმებამ ცხადყო, რომ მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობა აქვს მიღებული მოსამართლე მ. ს-ს სააპელაციო სასამართლოში. კერძოდ, მოსამართლე მ. ს-მა, როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ 2002 წლის 26 აპრილს მონაწილეობა მიიღო ლ. ს-ს სააპელაციო საჩივრის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 431-ე მუხლის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქმის საკასაციო წარმოება განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 430-ე მუხლის მესამე ნაწილით, 431-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ს განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის საკასაციო წარმოება;
საქმის განხილვა დაინიშნოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.