საქმე # 010141318700050250
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №7აგ-18 თბილისი
მ. დ, 7აგ-18 15 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. მ, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. მ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 2 აპრილიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლისა და იმავე წლის 24 ივნისის განაჩენები შეიცვალა, კერძოდ: დ. მ. გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად, რაც განაჩენის გამოტანის დროისთვის დ. მ-ს უკვე მოხდილი ჰქონდა და იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განაჩენები შეიცვალა, კერძოდ: დ. მ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. მ- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე არ იქნა გამოყენებული პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.
6. 2018 წლის 4 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - „დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
4. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნარკოტიკული საშუალება - „დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც არ ნიშნავს მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას მის მიმართ გამოტანილი შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად დ. მ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის) განსაზღვრული სასჯელი შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის მოხდილი ჰქონდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მის მიერ ჩადენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია და, შესაბამისად, ამ დანაშაულის ჩადენის გამო იგი ნასამართლევად ითვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, რის გამოც არ არსებობს დ. მ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. მ-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ დ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი