Facebook Twitter

საქმე # 010141318700054577

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№122აპ-18 თბილისი

გ-ე ვ, 122აპ-18 20 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ვ. გ-ე, – დაბადებული 1----–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო – 2016 წლის 19 ნოემბრიდან იმავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გაუქმდა ვ. გ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ვ. გ-ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 7,62 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, №------ ავტომატი და 20 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალა, რომლებსაც 2016 წლის 19 ნოემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ-ი, ს-ს ჩიხის №--ში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ქობულაძემ და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ვ. გ-ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მოცემულ შემთხვევამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი, მის მიერ ჩადენილ ქმედებას რაიმე მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. ამდენად, ლმობიერი სასჯელის გამოყენება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი