საქმე # 010141318700055179
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №123აპ-18 თბილისი
მ-ი ნ, 123აპ-18 20 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით ნ. მ--ი, - დაბადებული 1----–, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის დაუნიშნავად.
2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ. მ-ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ნ. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 17.01 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ა. ჩ-ს კუთვნილ ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით J-----. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა 2015 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ს-ი ჩატარებული ა. ჩ-ს კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით, დაცვის მხარის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი გაუქმდა. ნ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ნ. მ-ს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები.
6. ნ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ლ. მ-ის (პირადი ნომერი: 0----------) საკუთრებაში არსებულ, ლ-ს რაიონის სოფელ თ-ი მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: 54.06.51.1--, რომელიც დაყადაღებული იყო ნ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 16.41 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა გოჩა ჯანყარაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. მ-ის მიმართ გამოტანილი 2018 წლის 12 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
9. კასატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეების: თ. მ. ნ. თ-ს, ა. ჩ-ს, ლ. მ-ს, ბ. ჯ-ს ჩვენებები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობას ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დაშვებული. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პირის მსჯავრდებას. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მათ შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს საეჭვოდ მიიჩნევს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მითითებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შესაძლო შეცდომის დაშვების თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ გაამართლებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
15. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.
16. ამდენად, არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც, იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ა. ჩ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“ ნ. მ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულა. ნ. მ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი ვერ სცდება ვარაუდისა და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს.
18. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ნ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ. მ-ის ბრალეულობაში - მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“ და მიღებული ოპერატიული ინფორმაცია ვერ გახდება ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი. მით უფრო, რომ ხსენებულ ავტომანქანაში ნ. მ-ის გარდა სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32, 33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი