საქმე # 080100117002023962
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№124აპ-18 თბილისი
კ-ი მ 124აპ-18 20 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. კ-ს, – დაბადებულს 1----–-–, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ასევე – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის იანვარში მ. კ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ რ. გ-ი ეწეოდა პირუტყვის ყიდვა-გაყიდვას, მოძრაობდა სატვირთო მიკროავტობუსით და მუდმივად თან ჰქონდა ფულადი თანხა. მ. კ-მა გადაწყვიტა, თანხის მისაკუთრების მიზნით მას ყაჩაღურად თავს დასხმოდა. 2017 წლის 9 თებერვალს მ. კ-ი ქ-ნ მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ზ-ი მყოფ რ. გ-ს, რომელსაც თან ახლდა შ. მ-ი და შესთავაზა, თითქოსდა პირუტყვის შესაძენად ქ-ი ჩასვლა. 2017 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13.00 საათზე, რ. გ-ი, შ. მ---ი და მ. კ-ი ერთმანეთს შეხვდნენ ქ-ი, თ-ს ქუჩაზე. მ. კ-ი, რომელსაც ხელჩანთაში ედო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი არანაკლებ ორი ვაზნით, მოთავსდა სატვირთო მიკროავტობუსში, რომელსაც მართავდა შ. მ-ი და მისი მითითებით გაემგზავრნენ წ-ს რაიონის სოფელ მ-ს მიმართულებით. დაუსახლებელ ადგილზე მ. კ-მა შ. მ-ს გააჩერებინა მიკროავტობუსი, ჩამოვიდა, ხელჩანთიდან ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ყაჩაღური თავდასხმის გზით ფულის მისაკუთრების მიზნით, იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაზარალებულებს მოსთხოვა მიკროავტობუსიდან ჩასვლა. მძღოლი შ. მ-ი გადახტა მიკროავტობუსიდან და გაიქცა, ხოლო რ. გ-ის მიმართულებით მ. კ-მა გაისროლა ორჯერ და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება – საჯდომის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობის, მარჯვენა დუნდულოს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობის, დუნდულოს არტერიისა და საჯდომი ნერვის დაზიანების, მარჯვენა დუნდულოს ვრცელი ჰემატომისა და მარცხენა დუნდულოს გამომავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. აღნიშნულის შემდეგ მ. კ-მა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.
· 2017 წლის 10 თებერვალს წ-ს რაიონის სოფელ მ–ი მ. კ-მა მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცეცხლსასროლი იარაღი – ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 მმ კალიბრიანი, „კალაშნიკოვის“ სისტემის, „AK-74“ მოდიფიკაციის №------ ავტომატი და საბრძოლო მასალა – არანაკლებ ორი, ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 მმ კალიბრიანი, 1974 წლის ნიმუშის ვაზნა.
· მ. კ-მა დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 მმ კალიბრიანი, „კალაშნიკოვის“ სისტემის, „AK-74“ მოდიფიკაციის №------ ავტომატი და საბრძოლო მასალა – ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 მმ კალიბრიანი, 1974 წლის ნიმუშის 56 საბრძოლო ვაზნა, რაც ამოიღეს 2017 წლის 12 თებერვალს ქ-ი, ს-ს გამზირის №---ში მდებარე მ. კ-ის საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით მ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 თებერვლიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი მამუკა ჩუბინიძე საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ მ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მხოლოდ თანხის არმოთხოვნა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველი.
6. მსჯავრდებული მ. კ-ი შესაგებლით ითხოვს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულების – რ. გ-ისა და შ. მ-ის, მოწმეების – მ. მ-ს, თ. კ-ს, ჯ. ა-ს ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ მ. კ-მა ნამდვილად ჩაიდინა რ. გ-ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
10. რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას მ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. კ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს (ან ჰქონდეს საფუძვლიანი ეჭვი), რომ, თუკი ის არ დააკმაყოფილებს ქონების გადაცემის მოთხოვნას, თავდამსხმელი მუქარას შეასრულებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების ჩვენებებში არ გამოთქმულა ვარაუდიც კი, რომ მ. კ-მა ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა მათი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, მას აღნიშნული ქმედების ჩადენისას დაზარალებულებისათვის არ წაუყენებია მათი ქონების მისთვის გადაცემის მოთხოვნა. ასეთ პირობებში კი, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა, სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი