საქმე # 080100116002300131
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№99აპ-18 თბილისი
შ-ე მ. 99აპ-18 18 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის და მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით მ. შ-ეს, - დაბადებულს 1----–-–, ნასამართლობის არმქონეს, - წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2. ამავე დროს, მ. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ლ-ს“ N-- სერვის ცენტრზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. იმავე განაჩენით, მ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) და ამ დანაშაულისთვის მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მ. შ-ე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. გარდა ამისა, მ. შ-ე აღნიშნული განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) და ამ დანაშაულისთვის მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ მ. შ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 15 ივლისიდან.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ პისტოლეტებით შეიარაღებულმა მ. შ-ემ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, 2016 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, წ-ს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე ე.წ ,,ი-ს“ ტერიტორიაზე, დაზარალებულ ჯ. მ-ს ყაჩაღური თავდასხმის გზით გასტაცეს ი. მ-ს კუთვნილი, 3600 ლარად ღირებული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა თავად დაზარალებული. ამასთან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დაზარალებულ ჯ. მ-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იგი მოათავსეს ავტომანქანის უკანა სალონში. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ავტომანქანით წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. ავტომანქანაში მას თავზე ჩამოაფარეს სპორტული ზედა და ასეთ მდგომარეობაში ის აღნიშნულ ადგილზე ამ ადგილზე გააჩერეს დაახლოებით ერთ საათზე მეტ ხანს. ამის შემდეგ, მ-. შ-ე და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი ავტომანქანის უკანა სავარძელზე მყოფ, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ დაზარალებულ ჯ. მ-სთან ერთად მივიდნენ, ქ-ი, ბ-ს ქუჩა N---ში მდებარე სს ,,ლ-ს“ N-- სერვის ცენტრთან, ავტომანქანის უკანა სალონის მარჯვენა მხრიდან ბრალდებული მ. შ-ე გადავიდა და ჩაამსხვრია სერვის ცენტრის 87.28 ლარად ღირებული შესასვლელი მინის კარები. შემდეგ დაზარალებული ჯ. მ. მიიყვანეს ქ–ი, ჯ-ს პირველი შესახვევი N---ის ტერიტორიაზე და ის ავტომანქანაშივე მიატოვეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2016 წლის 13 ივლისს, მ. შ-ე, წ-ს რაიონის სოფელ ფ-ს 2--ე ქუჩაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს - თავდაცვითი დანიშნულების აირის, ხმოვანი, (ფუჭი) ტრავმატური-რეზინის ბურთულებისა და საფანტის ვაზნებისთვის განკუთვნილ ,,GOLD STAR 2002” მოდელის პისტოლეტს, მჭიდით და საბრძოლო მასალას - 2 ცალ ვაზნას, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.
9. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-ა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენის გაუქმება და მ. შ-ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება.
10. განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზიტა ჭულუხაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია), აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია). შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის გამო, მისთვის კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მ. შ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მ. შ-ის ბრალეულობა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ბრალდების მხარემ. პროკურორმა ზიტა ჭულუხაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების მიხედვით მ. შ-ის დამნაშავედ ცნობა. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის გამო, მისთვის კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
14. კასატორი – პროკურორი ზიტა ჭულუხაძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა (დაზარალებულების: თ. ც-ს, ჯ. მ-ს, ი. მ--სა და მოწმეების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეო ექსპერტიზის დასკვნა, მინის ნამსხვრევი მასზე არსებული მ. შ-ის სისხლით, სიგარეტ ,,კენტის“ ორი ნამწვი, ,,GOLD STAR 2002” მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო მასალა და სხვა მტკიცებულებები), რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მ. შ-ის ბრალეულობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტიცებულებებს, არ პასუხობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ არასწორად შეაფასა მ. შ-ის ქმედება და არ მისცა მას სწორი კვალიფიკაცია. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა სასჯელის ისეთი ზომა, რაც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ. შ-ის საქმის მასალები და შეამოწმა დაცვისა და ბრალდების მხარის წარმომადგენელთა საკასაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია მ. შ-ის უდანაშაულობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და მას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. კასატორი თავის საჩივარში მიუთითებს რამდენიმე მოტივზე, რომლებზედაც ის აფუძნებს თავის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე და რომლებსაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემოთ განხილული გარემოებების გამო.
3. კასატორი საჩივარში მსჯელობს იმის თაობაზე, რომ მ. შ-ეს არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია დაზარალებულ ჯ. მ-ს მიმართ, საამისო საფუძვლად უთითებს მისთვის შერაცხული ქმედების დასადასტურებლად საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. არასწორია კასატორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეში მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება არსებობს დაზარალებულ ჯ. მ-ს ჩვენების სახით მსჯავრდებულის დანაშაულში მხილებისათვის, ისიც არათანმიმდევრული და საეჭვო.
4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ბაზისა და დაზარალებულის ჩვენების ამგვარ შეფასებას. დაზარალებულ ჯ. მ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება პირდაპირ უთითებს სწორედ იმ ქმედებებზე, რაც მ. შ-ემ და მასთან ერთად სხვა პირებმა განახორციელეს მის მიმართ, დაწყებული მასთან კონტაქტში შესვლიდან, გაგრძელებული მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილებისას და დასრულებული მასთან ურთიერთობის შეწყვეტის მომენტით. დაზარალებული დეტალურად აღწერს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასა და მოვლენათა თანმიმდევრობას, ამასთან, მას არცერთხელ არ უარყვია თავის ჩვენებაში მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. დაცვის მხარე ცდილობს ამ ჩვენებაში დაზარალებულის მიერ ნათქვამი ცალკეული, შეფასებითი შინაარსის მქონე ფრაზა გამოიყენოს მისი ჩვენების ნეგატიური შეფასებისათვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხსენებული გამონათქვამები საერთოდ არ ეხება იმ ქმედებებს, რომლებიც მსჯავრდებულმა მ. შ-ემ და მისმა თანხმლებმა სხვა პირებმა რეალურად ჩაიდინეს დაზარალებულ ჯ. მ-ს მიმართ და რომელთა შესახებ მან დაწვრილებით ისაუბრა მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებაში.
5. უსაფუძვლოა აგრეთვე აღნიშნული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. შ-ის საქმეში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, მისი დანაშაულების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება. საქმეში არსებობს სხვა კანონიერი მტკიცებულებებიც, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მსჯავრდებულის მონაწილეობას განხილულ დანაშაულში. პალატას მხედველობაში აქვს დაზარალებულის ავტომანქანაში, ასევე, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ნივთზე აღმოჩენილი, მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ დატოვებული ბიოლოგიური კვლები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი მტკიცებულების ხასიათი, რადგან აღნიშნულ ადგილებზე ამ კვლების არსებობა სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, თუ არა იმ გარემოებების შედეგად, რომლებზედაც დაზარალებულმა ჯ. მ-მ მიუთითა თავის ჩვენებაში.
6. მხედველობაშია მისაღები იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, რომელიც ასახავს 2016 წლის 16 ივლისს ექსპერტების მონაწილეობით მსჯავრდებულ მ. შ-ის შემთხვევის ადგილზე გაყვანისა და მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს. მართალია, შემდგომში მან უარყო აღნიშნული ჩვენება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ სწორედ მსჯავრდებულის მითითებით მოხდა ექსპერიმენტის მონაწილეთა შემთხვევის ადგილზე მისვლა. მსჯავრდებული ასეთ მითითებას ვერანაირად ვერ მისცემდა აღნიშნული ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებს იმ მოვლენებში მისი მონაწილეობის გარეშე, რომლებიც მიმდინარეობდა შემთხვევის ადგილზე და რომლებიც დეტალურად აღწერა დაზარალებულმა თავის ჩვენებაში.
7. გარდა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობისა, მსჯავრდებულ მ. შ-ის მონაწილეობას დაზარალებულ ჯ. მ-ს მიმართ ჩადენილ ქმედებებში ადასტურებს ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც – მოწმეთა არაპირდაპირი ჩვენებები, ჯ. მ-ს ავტომანქანის სალონიდან ამოღებული, მიკრონაწილაკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ ჯ. მ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვიდეომასალაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა და შემთხვევის ადგილისა და დაზარალებულის ავტომანქანის დათვალიერების ოქმები.
8. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლოს მიერ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრდებულ მ. შ-ის იმ ქმედებებთან, რაც მან სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა დაზარალებულ ჯ. მ-ს მიმართ 2016 წლის 4 ივლისს, დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებსა და, შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებს სასამართლოს განაჩენში ვერ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. ამ განაჩენით მ. შ-ე ბრალეულად იქნა ცნობილი: დაზარალებულ ჯ. მ-ზე ყაჩაღურ თავდასხმაში მისი ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მან ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, დაზარალებულ ჯ. მ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია).
9. საკასაციო პალატის აზრით, ზემოთ განხილული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ მ. შ-ესა და მის თანამზრახველებს იმ დროს, როდესაც მათ მოახდინეს ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირება და ამ გზით გამოხატული მუქარის მეშვეობით აიძულეს დაზარალებული ჯ. მ. დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას, რის შემდეგაც, იგი გადასვეს ავტომანქანის უკანა სალონში, ხოლო ავტომანქანის საჭეს თვითონ დაეუფლნენ, მათ ჰქონდათ მისი ავტომანქანის მისაკუთრების მიზანი. ამ ვერსიის საფუძვლიანობას აშკარად ადასტურებს მოვლენათა შემდგომი განვითარება, კერძოდ, ამ შემთხვევაში მ. შ-ემ და სხვა პირებმა აღნიშნული ავტომანქანა გამოიყენეს როგორც დროებითი საშუალება გარკვეულ მანძილზე გადაადგილებისათვის, ამასთან, გადაადგილდებოდნენ დაზარალებულთან ერთად, ბოლოს კი დაზარალებული თავისივე ავტომანქანასთან ერთად დატოვეს შემთხვევის ადგილზე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მ. შ-ესა და მის თანხმლებ პირებს დაზარალებულისგან არ მოუთხოვიათ მისი კუთვნილი სხვა ქონების, თუნდაც იმ თანხის მათთვის გადაცემა, რაც მას ხელთ ჰქონდა ამ შემთხვევის დროს. ეს გარემოება ყოველგვარ დასაბუთებულ საფუძველს გამორიცხავს იმისათვის, რათა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება შეფასდეს როგორც ყაჩაღობა. მ. შ-ის მიერ სხვა პირებთან ერთად დაზარალებულის მიმართ მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოხატულ მუქარას, ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებითა და ავტომანქანის საჭის მათთვის დათმობის კატეგორიული მოთხოვნით, არ ახლავს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ყაჩაღობის, როგორც სისხლისსამართლებრივი უმართლობის დამაფუძნებელ და აუცილებელ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს.
10. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. შ-ის მიერ სხვა პირებთან ერთად დაზარალებულ ჯ. მ-ს მიმართ ჩადენილი ქმედება უდავოდ შეიცავს ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობას, როგორიცაა იძულება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა დაზარალებულ ჯ. მ--ს თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, მის ფსიქიკურ იძულებაში – შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელებისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენდა – თავისი ავტომანქანა სამართავად გადაეცა მოძალადეებისთვის, ხოლო თვითონ გადამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სალონში. გარდა ამისა, მისი იძულება გამოიხატა ასევე იმაშიც, რომ მან მოძალადეთა მხრიდან საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში: მათ დაზარალებული ჯ. მ, რომელსაც თავზე სპორტული მაისური გადააფარეს აიძულეს რამდენიმე ხნის განმავლობაში, მუდმივად თავდახრილ მდგომარეობაში მჯდარიყო ავტომანქანის უკანა სალონში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ის ქმედება მოცემულ ნაწილში საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი იძულებისათვის.
11. როგორც ზემოთ განხილული მტკიცებულებების ერთობლიობიდან გამომდინარეობს, მსჯავრდებულ მ. შ-ეს ჩადენილი აქვს აგრეთვე დაზარალებულ ჯ. მ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა პირებთან ერთად – ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ამასთან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: დაზარალებულმა ჯ. მ-მ მათ თხოვა გაეშვათ და თავი დაენებებინათ მისთვის, რადგან იყო ავადმყოფი. მიუხედავად ამისა, მ. შ-ემ და მისმა თანამზრახველებმა ის კი არ გაუშვეს, არამედ ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებითა და კატეგორიული მოთხოვნით, რაც არაორაზროვნად შეიცავდა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის შესაძლო ხელყოფის მუქარას, ის აიძულეს, დარჩენილიყო ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ, მათთან ერთად გადაადგილებულიყო რამდენიმე ხნის განმავლობაში. მთელი ამ დროის მანძილზე ის მოკლებული იყო შესაძლებლობას თავისი სურვილისამებრ დაეტოვებინა ავტომანქანის სალონი და წასულიყო შემთხვევის ადგილიდან.
12. იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება მსჯავრდებულ მ. შ--ის მიერ დაზარალებულ ჯ. მ-ს მიმართ ყაჩაღობის ჩადენა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) მ. შ-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
13. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მ. შ-ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) და ის მსჯავრდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს. მ. შ-ის საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულებითი ბაზა – საპროცესო კანონით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით მოპოვებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, სახელდობრ: 2016 წლის 15 ივლისს ჩატარებული მ. შ-ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვით, მისი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი – „GOLD STAR 2002“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით. ამ ოქმში დაფიქსირებულია გასაჩხრეკი პირისათვის უფლებების განმარტება, ჩხრეკის მიმდინარეობა და ჩხრეკის შედეგები, რომელსაც თავისი პირადი ხელმოწერით ადასტურებს თვითონ მსჯავრდებული და სადაც მას არავითარი განცხადება ან შენიშვნა არ შეუტანია მისი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე. ამასთან, მ. შ-ის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება შემოწმებულია სასამართლოში და ის კანონიერად არის ცნობილი. გარდა ამისა, მოცემულ ნაწილში მსჯავრდებულის ბრალეულობა დადასტურებულია ასევე ოთხი მოწმის პირდაპირი ჩვენებებით. საქმეში არსებული მასალებიდან არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელიც საფუძვლიან ეჭვს წარმოშობდა პოლიციელთა მხრიდან რაიმე დაინტერესებაზე – მოეხდინათ მტკიცებულების ფალსიფიკაცია მ. შ-ის წინააღმდეგ, არარსებული დანაშაულის ჩადენაში მისთვის ბრალის დასადებად. დაცვის მხარის წარმომადგენელი კასატორის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის მ. შ-ის მსჯავრდებასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები, არ არის დადასტურებული რაიმე რეალური, არსებითი ხასიათის არგუმენტებით ან მტკიცებულებებით, რაც შეიძლება დასაბუთებული საფუძველი გამხდარიყო მისი ბრალის უარყოფისათვის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ. შ-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
14. საკასაციო პალატამ ყურადღებით შეისწავლა და შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და იმ მოთხოვნების საფუძვლიანობა, რომელთა მიხედვით გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ და ეს უკანასკნელი, გარდა იმ ქმედებებისა, რომლებიც მას შეერაცხა ამ განაჩენით ცნობილი უნდა იქნეს ბრალეულად ასევე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რაშიც მას ბრალი ედებოდა მისი ბრალდების შესახებ დადგენილებით. მხედველობაშია, 2016 წლის 4 ივლისს, ქ. ქ--ი, ბ--ს ქ. №--–ში მდებარე სააქციო საზოგადოება „ლ--ს“ №-- სერვის ცენტრის მიმართ მ. შ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რა დროსაც მან დაამსხვრია აღნიშნული ცენტრის შესასვლელი კარის მინა, რითაც დაწესებულებას მიაყენა 87,28 ლარის ზიანი. კასატორს მიაჩნია, რომ ამ ქმედებით მსჯავრდებულმა ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, აღნიშნული სერვის ცენტრის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
15. საკასაციო პალატის აზრით, საქმეში არ მოიპოვება ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველი იქნებოდა დასკვნისათვის განხილულ ეპიზოდში, მ. შ-ის მიერ ჯგუფური ყაჩაღობის ჩადენის შესახებ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო პალატას მ. შ-ის მიერ ხსენებული სერვის ცენტრის მინის კარის დამსხვრევა სარწმუნოდ დადგენილ ფაქტად მიაჩნია, მაგრამ ეს ქმედება არ შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობას, რის გამოც მსჯავრდებულის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ვარაუდის სახით, დაუდასტურებელი ვერსიის დონეზე რჩება სათანადო მტკიცებულებების უქონლობის გამო. განხილულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება.
16. საკასაციო პალატა არ ეთანხმება აგრეთვე ბრალდების მხარის წარმომადგენელი კასატორის მოთხოვნას მ. შ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ისეთი ქმედების შერაცხვის თაობაზე, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია მოკლებულია ისეთ ჯეროვან დასაბუთებას, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მისი გაზიარებისათვის. ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმების სწორი დოგმატური და სისტემური განმარტება არ იძლევა მსჯავრდებულ მ. შ-ის მიერ ჩადენილი ქმედების იმგვარი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, რასაც ითხოვს ხსენებული კასატორი თავის საჩივარში. აღნიშნული გარემოების გამო, პროკურორის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) ჩადენაში მ. შ-ის მსჯავრდების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.
17. ზემოაღნიშნულ ცვლილებათა გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, რომლითაც მ. შ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია), აგრეთვე, მათ საფუძველზე დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) მსჯავრდებულ მ. შ-ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, საკასაციო პალატას, ითვალისწინებს რა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და თვით მსჯავრდებულის პიროვნებას, საკმარისად მიაჩნია, რომ ამ დანაშაულისათვის მას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომელიც საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, შთანთქმულ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელით – 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ მ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ--ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. მსჯავრდებულ მ. შ-ეს მსჯავრდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) და ამ ნაწილში გამართლდეს.
5. მ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია).
6. მ. შ-ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. მ. შ-ეს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
8. მ. შ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ლ--ს“ 24-ე სერვის ცენტრზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
9. მ. შ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
10. მ. შ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 10 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბრალდებულ მ. შ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
12. მ. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა
გაუქმებულია.
13. მ. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 15 ივლისიდან.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
15. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი