ა-693-ბ-25-08 15 სექტემბერი, 2008
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს “ე-ო-94-ის” დამფუძნებელი და წარმომადგენელი რ. ს-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც-ი”, სს “ე-ოს” გენერალური დირექტორი ა. გ-შვილი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ინ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნულ ალიანს “ც-ის” სს “ე-ოს” გენერალურ დირექტორ ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ე-ო-94-ის” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენისა და საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე შპს “ე-ოს-94-ის” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის _ რ. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2008 წლის 31 მარტს შპს “ე-ო-94-ის” დამფუძნებელმა და წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლოში მოცემული დავა განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც დაირღვა მხარის უფლებები, ვინაიდან საქმის ზეპირი განხილვისას შპს “ე-ოს” წარმომადგენელ რ. ს-შვილს, როგორც პროცესის მონაწილესა და დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნებოდა, სასამართლოს წინაშე დაესაბუთებინა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების უსაფუძვლობა კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით. აღნიშნული კი გამოიწვევდა სასამართლოს მიერ განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ბათილია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა დავის გადაწყვეტის შედეგით უშუალოდ და ობიექტურად დაინტერესებული პირის საქმეში მონაწილეობის გარეშე.
განსახლველ შემთხვევაში განმცხადებელი შპს “ე-ო-94-ის” დამფუძნებელი და წარმომადგენელი რ. ს-შვილი საქმეში მონაწილეობდა მოსარჩელის სტატუსით, ამდენად, დაუსაბუთებელია მითითება მოცემული საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის შესახებ, ხოლო ფიზიკური პირი რ. ს-შვილი მოცემულ დავაში მხარეს არ წარმოადგენს. საქმეში მხარედ ჩაბმის მოთხოვნით მას შეეძლო მიემართა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა შესაბამისად. რ. ს-შვილის, როგორც ფიზიკური პირის, მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლოში მხარედ ჩაუბმელობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის ფორმა. ამასთან, მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც მხარეები (მათ შორის განმცხადებელიც) დადგენილ დროს პროცესზე არ გამოცხადდნენ და მისი განხილვა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე.
აქვე აღნიშნავია, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა მხარეებს ხელს ვერ შეუშლიდა სასამართლოსათვის საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წარდგენაში, ვინაიდან მითითებული შესაძლებელი იყო წერილობითი ფორმით სასამართლოსათვის მიმართვის გზით, რაც განმცხადებელს სადავო გარემოებათა მიმართ არ განუხორციელებია.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო უწყებებით დასტურდება, რომ რ.სანდროშვილს საქმის განხილვის დროისა და ფორმის შესახებ პირადად ეცნობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ე-ო-94-ის” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის _ რ. ს-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.