Facebook Twitter

ვ-1066-ბ-29-08 23 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2008 წლის 26 ნოემბერს ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა ი. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მოთხოვნა, მოცემული საქმე განეხილა სასამართლო სხდომაზე მხარეთა დასწრებით, არ აცნობა კასატორს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შესახებ და აღნიშნულით დაარღვია საჯაროობის პრინციპი. ამხანაგობამ სარჩელი აღძრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რა დროსაც მოპასუხეებად დაასახელა თბილისის მერიის სამსახურები, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოხელეები. არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ტიპის დავებს განიხილავს ადმინისტრაციული სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში კი საქმე უკანონოდ განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა ზერელედ შეაფასეს და დაამახინჯეს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, როდესაც აღნიშნეს, რომ 1972 წლიდან 2004 წლამდე სადავო სარდაფებს ფლობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება, თუმცა საქმეში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ისინი სადავო ფართს იკავებდნენ. სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 156-ე და 158-ე მუხლები, ვინაიდან ზემოხსენებულ სახელმწიფო ორგანიზაციებს სადავო ფართზე მფლობელობა შეუწყდათ, ამასთან, მათი საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დგინდებოდა. სახელმწიფოს საკუთრებად სადავო სარდაფი აღრიცხა 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მოხელეების უკანონო ქმედებების შედეგად. სასამართლომ არასწორად განმარტა მოსარჩელის მიერ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მითითებული დადგენილებები, როდესაც ჩათვალა, რომ მათი მეშვეობით, პრივატიზების გზით, ბინის მესაკუთრეებს უსასყიდლოდ გადაეცემოდათ მხოლოდ სამეურნეო დანიშნულების დამხმარე სათავსები, რომლებიც პრივატიზებამდე მათ სარგებლობაში იმყოფებოდა, ფაქტობრივად კი ზემოხსენებული დადგენილებებით მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირი ფლობდა თუ არა პრივატიზებამდე ფართს. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, თუ როგორ უნდა დაეკავებინათ მობინადრეებს სადავო სარდაფები, როდესაც ისინი ზემოხსენებული ორგანიზაციების უკანონო მფლობელობაში იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად. სასამართლომ გვერდი აუარა სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საქმეებზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ სააპელაციო პალატას საქმის განხილვისას არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევები არ დაუშვია, არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შესთავაზა მხარეებს მორიგება, სიჩქარეში არ დანიშნა მხარეთა პაექრობა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე და 218-ე მუხლები. ფაქტობრივად კი, განმცხადებელს სურდა მორიგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლებით:L

დაუსაბუთებელია განმცხადებლის მოსაზრება, რომ საკასაციო სასამართლომ ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა არასწორად განიხილა მხარეთა დასწრების გარეშე და ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შესახებ კასატორს არ აცნობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. დასახელებული კანონის დანაწესები საკასაციო სასამართლოს უფლებას ანიჭებს საქმე და, მათ შორის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილოს სასამართლო სხდომაზე მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის მხარეთა დაუსწრებლად განხილვის თაობაზე სასამართლო ატყობინებს მხარეებს.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განიხილავდა ზეპირი მოსმენის გარეშე. დასახელებული განჩინების ასლი მხარეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ, რასაც კასატორი 2008 წლის 30 სექტემბრის განცხადებაში თავად ადასტურებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი ადგენს რა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წანამძღვრებს, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და აღნიშნულის შესახებ მხარისათვის შეუტყობინებლობის მოტივით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაცვლად, არასწორად იქნა განხილული სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით. აღნიშნული საქმე თავდაპირველად იხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, თუმცა საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის განჩინებით იგი გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ მოცემული საქმის განხილვისას ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენისა და მათი სამართლებრივად არასწორად შეფასების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ შესაძლებლობას არ წარმოადგენს, არამედ ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას კანონმდებელი უკავშირებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტულად დადგენილი წინაპირობების არსებობას. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გასაჩივრება მისი იურიდიულად დაუსაბუთებლობის ან სამართლებრივად არასწორად გადაწყვეტის მოტივით დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.თბილისში, ... ქ.¹26-ში მდებარე ¹1 კორპუსის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.