¹ა-2503-ბ-6-09 28 მაისი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ჯ. ტ-ძე, ვ. მ-ია, ა. თ-ძე, დ. გ-ელი და სხვათა
მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა «ჭ.-37ბ»
დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ძისა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ს-ულის, ა. ჭ-ძისა და დ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა ერთის მხრივ, ა. ჭ-ძის, ე. ს-ულის, დ. ჭ-ძისა და მეორე მხრივ, ამხანაგობა «ჭ.-37ბ-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნარდობის) არსებობა. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა უფლება ამხანაგობა «ჭავჭავაძე-37ბ-ს სახელზე რიცხული ქ.თბილისის, ... 37ბ-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის დამთავრებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საკუთრებაში მიიღონ მხარეთა შორის დადებული 2000 წლის 10 ოქტომბრის, 2001 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შემდეგი ფართი:
1. ა. ჭ-ძემ _ ... გამზ. 37ბ-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 110კვ.მ, მე-6 სართულზე _ 380კვ.მ, მე-7 სართულზე _ 190კვ.მ, მე-10 სართულზე _ 440კვ.მ და 12 ავტოსადგომი.
2. ე. ს-ულმა _ იგივე მისამართზე ამავე სახლში მე-8 სართულზე 390კვ.მ და 4 ავტოსადგომი. მე-6 სართულზე _ 300კვ.მ 3 ავტოსადგომი.
3. დ. ჭ-ძემ _ იმავე სახლში მე-7 სართულზე 480კვ.მ და 5 ავტოსადგომი.
2008 წლის 30 დეკემბერს ჯ. ტ-ძემ, ხოლო 2009 წლის 20 მარტს ვ. მ-იამ, ა. თ-ძემ, დ. გ-ელმა და სხვებმა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელთა განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ისე გადასცა უცხო პიროვნებებს მათი კუთვნილი ბინები, რომ ისინი სასამართლოზე არც კი მოუწვევია, შესაბამისად, ვინაიდან მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხო აღნიშნული გადაწყვეტილება და ისინი არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე, განმცხადებლებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, როდესაც პირი მართალია არ ყოფილა საქმეში ჩაბმული არც მოსარჩელედ, არც მოპასუხედ და არც მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ ან უშუალოდ შეეხო მის კანონიერ ინტერესებს და ამ დროს იგი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ უცხო პიროვნებებს ისე გადასცა მათი კუთვნილი ბინები, რომ საქმის განხილვაზე ისინი არცკი მოუწვევია, შესაბამისად, დაირღვა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები, რის გამოც მოითხოვეს მითითებული მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მითითებული მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება, გაცვლის ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება და სხვა. ამასთან, შემძენის რეგისტრაცია აუცილებელია საჯარო რეესტრში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების, კერძოდ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ საქმის განხილვის დროისათვის სადავო საცხოვრებელი სახლი ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად საჭირო ხელშეკრულებები, რომლითაც დადასტურდებოდა განმცხადებლების მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ბინების შეძენა და არც თავად განმცხადებლებს წარმოუდგენიათ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე საბუთი.
რაც შეეხება განმცხადებელ ჯ. ტ-ძეს, მან განცხადებას თან დაურთო ამხანაგობასთან დადებული ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერც აღნიშნული ხელშეკრულება გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლოს არ განუხილავს მიკუთვნებითი სარჩელი, მხარეთა შორის სადავო იყო სამართლებრივი ურთიერთობის _ ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობა და ამ ურთიერთობის არსებობის აღიარების მოთხოვნა კი მიეკუთვნება აღიარებით სარჩელს. უზენაესი სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა და ამხანაგობა «ჭავჭავაძე 37ბ-ს» შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნარდობის) არსებობა და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა უფლებები ამხანაგობისა და არა განმცხადებლების მიმართ. სადავო ნარდობის ხელშეკრულების მხარეები იყვნენ ერთის მხრივ ა. ჭ-ძე, ე. ს-ული და დ. ჭ-ძე და, მეორეს მხრივ, ამხანაგობა «ჭ. 37ბ». ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები განმცხადებლები არ ყოფილან, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობების არსებობის აღიარებით განსაზღვრა მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების უფლება-მოვალეობებია და არა განმცხადებლების. ჯ. ტ-ძის მითითებას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობასთან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ხელშეკრულება ამ დავის საგანს არ წარმოადგენდა და, ამასთან, იგი გაფორმდა 2003 წლის 13 ნოემბერს მაშინ, როდესაც საქმე უკვე უზენაეს სასამართლოში იხილებოდა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს აზრით, შესაძლოა ამხანაგობას მრავალი სხვა ხელშეკრულებები ჰქონდეს დადებული სხვადასხვა პირებთან და რომელიმე კონკრეტული სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ საქმის განხილვისას, სხვა ხელშეკრულების მონაწილე პირები ვერ გახდებიან ამ დავის სათანადო მხარები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, განმცხადებლები წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, მათი არმოწვევა საქმის განხილვაზე, ვერ გახდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ტ-ძის, ვ. მ-იას, ა. თ-ძის, დ. გ-ელის და სხვების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.