Facebook Twitter

3ა/4-02 10 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. უ-ა

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ქ.ესენტუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. უ-ა და რ. უ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1995 წლის 14 თებერვლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ს., დაბადებული ... წლის ... მარტს. ე. უ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. უ-ს მიმართ და მოითხოვა განქორწინება და ბავშვის - ს. უ-ს, დედასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

სტავროპოლის მხარის ქ.ესენტუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ე. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. 1995 წლის 14 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება რ. უ-ს და ე. უ-ს მიმართ შეწყდა. ბავშვის - სერგის, დაბადებულის 1996 წელს, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან - ე. უ-ასთან.

ე. უ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 1 თებერვლის განჩინებით ე. უ-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს რ. უ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ სტავროპოლის სამხარეო სასამართლოში იხილება მისი საზედამხედველო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 19 ივლისის განჩინებით რ. უ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა საქმის წარმოება მხარეებს შორის სტავროპოლის სამხარეო სასამართლოში რ. უ-ს საზედამხედველო საჩივრის განხილვამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ე. უ-ს შუამდგომლობის სტავროპოლის მხარის ქ.ესენდუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, შუამდგომლობის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. უ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ქ.ესენტუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ სტავროპოლის მხარის ქ.ესენტუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ე. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. 1995 წლის 14 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება რ. უ-ს და ე. უ-ს შორის შეწყდა. ბავშვის – ს., დაბადებულის ... წელს, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ე. უ-ს საცხოვრებელი.

ე. უ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვანი წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი საქართველოს მიერ უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები. რ. უ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მისთვის არ გადმოუგზავნიათ სასარჩელო განცხადების ასლი, რის გამოც არ მიეცა საშუალება შესაგებლის წარდგენის; ასევე არ მიუღია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რათა წარედგინა სააპელაციო საჩივარი. მან საკასაციო პალატის 2007 წლის 23 იანვრის სხდომაზე განმარტა, რომ იგი რუსეთში სასამართლოში არ ყოფილა მოწვეული, ხოლო საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რ. უ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით რომ ეცნობა რუსეთის ფედერაციის ქ.ესენტუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის სხდომის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო ე. უ-ს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უარი ეთქვას ე. უ-ს შუამდგომლობას რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ქ. ესენტუკის სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.