Facebook Twitter

საქმე # 020141318700051283

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №30აგ-18 თბილისი

დ-ე ე 30აგ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენით ე. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ე. დ-ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. მსჯავრდებული ე. დ-ე დააკავეს 2012 წლის 18 მაისს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ე. დ-ე გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ე. დ-ეს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. 2018 წლის 18 იანვარს მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა შუამდგომლობით, რომლითაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო. მსჯავრდებული ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებას.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. კასატორი - მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.

11. კასატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ე. დ-ის მიმართ და 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენით არსებული ნასამართლობის მოხსნა და მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანია ე. დ-ის შემდგომი პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე განსაზღვრავს სასამართლო ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლის არსებობას.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

4. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმებას. მსჯავრდებული ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. შესაბამისად, ,,მარიხუანის“ მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.

6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საფუძვლად ვერ დაედება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენის გადასინჯვას, ვინაიდან ე. დ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები მოიხადა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ე. დ-ეს მოხდილი აქვს განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 9 თებერვლის ცნობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განაჩენზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოვალე ე. დ-ეს აღსრულებული აქვს 2017 წლის 28 თებერვალს), ასევე აღდგენილი აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის ჩამორთმეული უფლებები, აღარ არსებობს ამ საკითხზე მსჯელობის საფუძველი.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი