Facebook Twitter

¹ა-ა-1015-შ-38-09 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ა-იანის წარმომადგენლის გ. ზ-იას შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ა-იანმა და მოითხოვა ნათესაური კავშირის დადგენა.

ა. ა-იანის განმარტებით მისი ბაბუა გ. ა-ოვი გარდაიცვალა 14.05.1980 წ, ხოლო მისი ბაბუას ძმა ი. ა-ოვი გარდაიცვალა 1975 წლის 18 ნოემბერს. დასაფლავების ხარჯები გადაიხადა ა. ა-იანმა. მან მიმართა სანოტარი ბიუროს, როგორც მემკვიდრე, სამემკვიდრეო ქონების მიღების მიზნით, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მისი ბაბუას და ბაბუას ძმის ნათესაური კავშირის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო.

სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ა. ა-იანის განცხადება დაკმაყოფილდა. აღიარებული იქნა, რომ გ. ა-ოვი დაბადებული 1912 წ. გარდაცვლილი 14.05.1980 წ. და აწ გარდაცვლილი ი. ა-ოვი, დაბადებული 16.04.1898 წ. გარდაცვლილი 18.11.1975 წ. იყვნენ მკვიდრი ძმები.

ა. ა-იანის წარმომადგენელმა გ. ზ-იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება კი ხდება იმ შემთხვევაში თუ სახეზეა საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობა. საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ურთიერთობასთან საქმე გვაქვს მაშინ როდესაც: ა) ასეთი ურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან იურიდიული პირია; ბ) ასეთი ურთიერთობის ობიექტი არის ნივთი, რომელიც უცხოეთში იმყოფება; გ) იურიდიულ ფაქტს, რომელიც იწვევს სამოქალაქო ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას ადგილი ჰქონდა უცხოეთში.

ამრიგად, იმისათვის, რომ მოხდეს უცხო სახლმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება აუცილებელია არსებობდეს ზემოთ აღნიშნული პირობები და ამასთან ეს ურთიერთობა უნდა იყოს სამოქალაქო სამართლებრივი.

საერთაშორისო კერძო სამართალი მოიცავს ნორმებს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება განვსაზღვროთ თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია იურიდიული ფაქტი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და არ არის მითითებული იმ ნიშნებზე, რის საფუძველზეც განსახილველი საკითხი შეიძლება მივიჩნიოთ საერთაშორისო სამართლებრივად. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ნათესაური კავშირის მქონე პირთა მოქალაქეობა, მათი გარდაცვალების ადგილი და სხვა საკითხები, რაც გამორიცხავს საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას ამ საკითხთან მიმართებაში, ან პირიქით საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანუ არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც გამორიცხავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების არსებობას.

აღნიშნული ნორმის თანახმად საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებას თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება ან უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, კომპეტენტურად არ ითვლება. სასამართლოში წარმოდგენილი გადაწყვეტილებიდან კი შეუძლებელია მსჯელობა იმაზე იყო თუ არა კომპეტენტური სომხეთის სასამართლო მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ საერთოდ გაუგებარია განეკუთვნება თუ არა მოცემული ურთიერთობა საერთაშორისო კერძო სამართლებრივს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ა-იანის წარმომადგენლის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.