Facebook Twitter

საქმე # 010100116001357431

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№152აპ-18 თბილისი

მ-ე გ, 152აპ-18 1 აგვისტო, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ეს, - დაბადებულს 1----, - ბრალი დაედო წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის ქურდობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი), ხოლო ი. ჯ-ს, - დაბადებულს 1----–, - ბრალი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქურდობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი) და რაც გამოიხატა შემდეგში:

· ი. ჯ. და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი გ. მ-ე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, 2016 წლის 16 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბ-ი, გ. ბ-ს ქ. №----ის მიმდებარედ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს „ნ-ს“ სწრაფი ჩარიცხვის 2660.46 ლარად ღირებულ აპარატს და მასში მოთავსებულ თანხას - 1750 ლარს. მათი ამ ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

· 2016 წლის 29 მარტს, დაახლოებით 04:00 საათზე, გ. მ-ე და ი. ჯ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ბ-ი, პ. მ-ს ქ. №---ის მიმდებარედ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს „ნ-ს“ სწრაფი ჩარიცხვის 1694.53 ლარად ღირებულ აპარატს და მასში მოთავსებულ თანხას - 325.50 ლარს. მათი ამ ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

2. ბათუმის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 16 მარტისა და 29 მარტის ეპიზოდები); მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. ამავე განაჩენით ი. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 16 მარტისა და 29 მარტის ეპიზოდები); იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 2016 წლის 16 მარტის ეპიზოდისათვის განესაზღვრა 3 წლით, ხოლო იმავე წლის 29 მარტის ეპიზოდისათვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 1 აპრილიდან იმავე წლის 18 აპრილის ჩათვლით. გაუქმდა გ. მ-ისა და ი. ჯ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გიორგი რამიშვილი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გამამართლებელ ნაწილში გაუქმებას, გ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მისთვის მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრას, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად - ორივე ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელების შეკრებას, ხოლო ი. ჯ-სათვის - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მაქსიმალური სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია გ. მ-ისა და ი. ჯ-ს ბრალეულობა ბრალდების ორივე ეპიზოდში.

6. მსჯავრდებული ი. ჯ. შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი მის მიმართ დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ გ. მ-ის ბრალეულობა სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი მტკიცებულება - ი. ჯ---ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ - სულ ცოტა, ორი მტკიცებულება მაინც. რაც შეეხება გ. მ-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ორ ე.წ. დენის გამანაწილებელ კოლოფს და ორ „მიკროსქემას“, ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ეს ნივთები წარმოადგენს ი. ჯ-ს სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების შემადგენელ ნაწილებს.

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის, იხ., უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №462აპ-16, №404აპ-16, №51აპ-17). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

11. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამართლების სამართლებრივი საფუძვლები და საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაზე დაყრდნობით, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ ი. ჯ-ს განუსაზღვრა სამართლიანი და ქმედების პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი