საქმე # 330802218002577396
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
21I-18 ქ. თბილისი
ტ.ი ა, 21I-18 27 აგვისტო, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - თამთა საჯაიას
პროკურორების - ნანიკო ზაზუნაშვილის, თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - პ. ა-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ტ-ის
თარჯიმან - მ. ე-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნიუ-იორკის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა. ტ-ი ბრალდებულია შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343-ე და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(A); 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ფასიან ქაღალდებთან მიმართებით თაღლითობისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (შეთქმულება უკანონო ინტერნეტ თამაშობების შესახებ სააღმასრულებლო აქტის დარღვევისათვის); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (კომპიუტერულ და საბანკო სფეროში თაღლითობისათვის შეთქმულება);
2. 2017 წლის 21 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნიუ-იორკის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განახლებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით ა. ტ-ი ბრალდებულია შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის შეთქმულება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343-ე და მე-2 მუხლებით (კომპიუტერულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(A); 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) - S-თან მიმართებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) - S-თან მიმართებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (ფასიან ქაღალდებთან მიმართებით თაღლითობისათვის შეთქმულება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება უკანონო ინტერნეტ თამაშობების შესახებ სააღმასრულებლო აქტის დარღვევისათვის), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით (კომპიუტერულ და საბანკო სფეროში თაღლითობისათვის შეთქმულება - უკანონო ანგარიშსწორება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 30 წლამდე ვადით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1028A(a)(1); 1028A(b); 1028A(c)(5) და მე-2 მუხლით (პირადი მონაცემების ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
3. ამერიკის შეერთებულ შტატებში ა. ტ-ის მიმართ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებულ საბრალდებო აქტს საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლიდან 2015 წლის შუა პერიოდამდე, გ. შ-თან და სხვა პირებთან წინასაწარი შეთანხმებითა და გ. შ-ის მითითებით, ა. ტ-ი ახორციელებდა კიბერთავდასხმებს, მათ შორის, აშშ-ს ფინანსურ ორგანიზაციებზე. მითითებული თავდასხმები განხორციელდა, მათ შორის, ორგანიზაციებთან - S-თან და S-თან მიმართებით. აღნიშნული სქემის ფარგლებში, ა. ტ-ი უკანონოდ დაეუფლა 100 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის დაზარალებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, აგრეთვე ინფორმაციას ხსენებულ ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ გახსნილ ანგარიშებთან დაკავშირებით). ზემოაღნიშნული კიბერთავდასხმების შედეგად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, თანამზრახველებმა ე.წ. „სპამის“ სახით, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით ელექტრონული წერილები დაუგზავნეს უამრავ ადამიანს. აღნიშნულ წერილებში ისინი ინვესტორებს მოუწოდებდნენ თანამზრახველების მიერ კონტროლირებადი აქციების შეძენისკენ. ამასთან, წერილებში მითითებული იყო ცრუ ინფორმაცია აქციების გაზრდილი სავაჭრო მოცულობის მიზეზის შესახებ, რეალურად კი მითითებული აქციების ფასი კონტროლდებოდა თანამზრახველების მიერ. მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით უამრავი პირის მიერ აქციების შეძენის შედეგად გამოწვეული ფასის მატების შემდგომ, თანამზრახველები თავიანთ აქციებს ყიდდნენ მაღალ ფასში, ხოლო აქციების ფასის ვარდნის გამო ინვესტორებს ადგებოდათ ფინანსური ზიანი. ამასთან, გ. შ-თან და სხვა პირებთან წინასაწარი შეთანხმებითა და გ. შ-ის მითითებით, ა. ტ-ი ახორციელებდა კიბერთავდასხმებს გ. შ-ის ბიზნეს კონკურენტებზე, სავაჭრო რისკის და შესაბამისობის კომპანიაზე (m. R), აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის ორ კომპანიაზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ კაზინოებს უზრუნველყოფდნენ ოპერაციული პროგრამებით. მითითებულ კომპანიებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ა. ტ-მა უკანონოდ მოიპოვა კომპანიების თანამშრომლების და მმართველი პირების შესაბამის ელექტრონულ სისტემებში შესასვლელად გამოყენებადი ავტორიზაციის მონაცემები, რათა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს უკანონოდ შეძლებოდათ მითითებული პირების ელ. ფოსტის და შესაბამისი ქმედებების მონიტორინგი. ა. ტ-ი, აგრეთვე, მათი შემდგომი გადაბირების მიზნით უკანონოდ დაეუფლა კონკურენტ ონლაინ კაზინოების მომხმარებლების მონაცემებს. რაც შეეხება სავაჭრო რისკის და შესაბამისობის კომპანიას, ა. ტ-ის მიზანს წარმოადგენდა იმ საბანკო ბარათებზე ინფორმაციის მოპოვება, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის გამოვლენის მიზნით, გადახდის სისტემებში ხორციელდებოდა საკონტროლო გადარიცხვები. მითითებულ ბარათებზე ინფორმაციის მოპოვების შემდგომ, თანამზრახველები ახდენდნენ მათ დაბლოკვას, რათა არ მომხდარიყო მათ დაქვემდებარებაში არსებული უკანონო ინტერნეტ კაზინოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების უკანონო წარმომავლობის გამოვლენა. ა. ტ-ის მიერ ზემოაღნიშნული კიბერთავდასხმები განხორციელდა 2012-2014 წლებში და მითითებული თავდასხმების შედეგად უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, დაზარალებულებს მიადგათ 1 000 000 დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ზიანი. რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის უკანონო ინტერნეტ კაზინოს ბიზნესს, იგი ფუნქციონირებდა 2007 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში. მითითებული ბიზნეს საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული და ამასთან, ჯგუფის წევრებს არ გააჩნდათ ლიცენზია ან/და ნებართვა მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2008-2015 წლამდე პერიოდში უკანონო ინტერნეტ კაზინოს ბიზნესის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 386 000 000 დოლარს, ხოლო მოგება - დაახლოებით 80 000 000 დოლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ა. ტ-ის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმების შედეგად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, თანამზრახველები ახდენდნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების უკანონო ქმედებებთან (მაგ. უკანონო ონლაინ კაზინო) დაკავშირებულ ტრანზაქციების - მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდების შენიღბვას. შესაბამისად, ბანკები თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები ამუშავებდნენ მითითებულ ტრანზაქციებს, ხოლო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ უკანონო საქმიანობისათვის გადარიცხულ თანხებს. 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ზემოაღნიშნული სქემით განხორციელდა 500 000 000 – 600 000 000 დოლარამდე ოდენობის ტრანზაქციის დამუშავება და შესაბამისად, მითითებული ოდენობის თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, თითოეული დამუშავებული ტრანზაქციისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ დამატებით შემოსავალს, რომლის საერთო ოდენობამ დროის მითითებულ პერიოდში შეადგინა 18 000 000 დოლარი.
4. 2017 წლის 1 ივნისს და 2017 წლის 21 დეკემბერს გამოიცა ა. ტ-ის დაკავების ბრძანებები.
5. 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ა. ტ-ის ექსტრადიციის თაობაზე.
6. 2017 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების თხოვნა ა. ტ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე და მისი დაკავების ბრძანება.
7. 2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ტ-ი.
8. 2017 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. ტ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
9. 2018 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ იქნა ა. ტ-ის საექსტრადიციო მასალები. აღნიშნული დოკუმენტების დედანი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა ა. ტ-ის ექსტრადიციის თაობაზე მიღებულ იქნა 2018 წლის 18 იანვარს.
10. 2018 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. ტ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 12 ივნისამდე.
11. 2018 წლის 16 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ტ-ის და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
12. 2018 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. ტ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით - 2018 წლის 12 სექტემბრამდე.
13. 2018 წლის 12 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ა. ტ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
14. 2018 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია ა. ტ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
15. 2018 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ტ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია 2017 წლის 21 დეკემბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია: აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343-ე და მე-2 მუხლებით (კომპიუტერულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(A); 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) – S- თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) – S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (ფასიან ქაღალდებთან მიმართებით თაღლითობისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება უკანონო ინტერნეტ თამაშობების შესახებ სააღმასრულებლო აქტის დარღვევისათვის); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით (კომპიუტერულ და საბანკო სფეროში თაღლითობისათვის შეთქმულება - უკანონო ანგარიშსწორება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1028A(a)(1); 1028A(b); 1028A(c)(5) და მე-2 მუხლით (პირადი მონაცემების ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო ა. ტ-ის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნიუ-იორკის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ, 2017 წლის 21 დეკემბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია: აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343-ე და მე-2 მუხლებით (კომპიუტერულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(A); 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) – S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) – S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (ფასიან ქაღალდებთან მიმართებით თაღლითობისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება უკანონო ინტერნეტ თამაშობების შესახებ სააღმასრულებლო აქტის დარღვევისათვის); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით (კომპიუტერულ და საბანკო სფეროში თაღლითობისათვის შეთქმულება - უკანონო ანგარიშსწორება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1028A(a)(1); 1028A(b); 1028A(c)(5) და მე-2 მუხლით (პირადი მონაცემების ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა. ტ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით დანაშაულები, რომლის ჩადენისთვისაც ა. ტ-ის გადაცემა მოითხოვება, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის ჩადენილი; ა. ტ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის რეალური რისკი არსებობს; 2017 წლის 23 ოქტომბერს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ა. ტ-ის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია ვერ იქნება სიკვდილით დასჯის აკრძალვის საკმარისი გარანტი, ვინაიდან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა, რაც ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა. ამასთანავე, ვინაიდან ა. ტ-ს ჰყავს ოჯახი (მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი, მშობლები), რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკიც არსებობს. დაცვის მხარის განმარტებით, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ა. ტ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ტ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 12 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებსა და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
4. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას ადამიანის უფლებების დარღვევის რისკთან მიმართებაშიც და დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის არგუმენტად უთითებს ზოგად ინფორმაციას ევროპისა და ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემის განსხვავების შესახებ, თითოეულ სისტემაში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის მინიმალურ სტანდარტებზე და გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვადასხვა წესზე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ა. ტ-თან და კონკრეტული გარემოებებით არ დასტურდება, რომ მისი ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე ნიშნით შეიზღუდება მისი უფლებები.
5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად დაცვის მხარე ასევე უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა ა. ტ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილია კოლიზიური მოთხოვნა ა. ტ-ის გადაცემის შესახებ. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია კოლიზიური მოთხოვნის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, ხსენებული კანონის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო.“ დასაშვებობის პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნები ა. ტ-ის ექსტრადიციის შესახებ განიხილა ინდივიდუალურად და დასაშვებად ცნო მისი ორივე სახელმწიფოში ექსტრადიცია. გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ა. ტ-ი საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღებს. ამდენად, კოლიზიური მოთხოვნისა და მიღებული გადაწყვეტილებების არსებობა ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
6. რაც შეეხება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, კასატორის მითითებით, მისი დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ ა. ტ-ის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და მშობლები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში შესაძლოა გახდეს. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ა. ტ-ის ოჯახური ცხოვრება ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.
7. კასატორის მიერ მითითებულ სიკვდილით დასჯის საშიშროებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით ყველაზე მაღალი სახის სასჯელი, რომელიც ა. ტ-ს შესაძლოა შეეფარდოს, არის თავისუფლების აღკვეთა 30 (ოცდაათი) წლით. დაცვის მხარის არგუმენტის უარსაყოფად გასათვალისწინებელია 2017 წლის 23 ოქტომბერს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ა. ტ-ის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთათვისაც მოთხოვნილ იქნება ა. ტ-ის ექსტრადიცია, არ გამოიყენება სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად.
8. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ა. ტ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, პალატა მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ იხილება ა. ტ-ის ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ტ-ის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნიუ-იორკის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ, 2017 წლის 21 დეკემბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია: აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1343-ე და მე-2 მუხლებით (კომპიუტერულ სფეროში ჩადენილი თაღლითობა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(A); 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) – S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) – S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(2)(C); 1030 (c)(2)(B) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1030 (a)(4); 1030 (c)(3)(A) და მე-2 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა) S-თან მიმართებით; აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (ფასიან ქაღალდებთან მიმართებით თაღლითობისათვის შეთქმულება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება უკანონო ინტერნეტ თამაშობების შესახებ სააღმასრულებლო აქტის დარღვევისათვის); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1349-ე მუხლით (კომპიუტერულ და საბანკო სფეროში თაღლითობისათვის შეთქმულება - უკანონო ანგარიშსწორება); აშშ-ს კოდექსის მე-18 თავის 1028A(a)(1); 1028A(b); 1028A(c)(5) და მე-2 მუხლით (პირადი მონაცემების ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ტ-ის (A. T) ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. სილაგაძე