საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ა-1136-შ-32-08 20 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ შპს “ფ-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ-ი”
განხილვის საგანი _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “მ-ს” (საქართველო) დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების გადაცემისთანავე შპს “ფ-ისათვის” (უკრაინა) 32720,26 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი ვალის, 595,5 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, 792,1 აშშ დოლარის ოდენობით ზარალის და 3246,47 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის, სულ _ 37354,33 აშშ დოლარის გადახდა.
შპს “ფ-მა” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს “ფ-ის” შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში; შპს “მ-ს” გაეგზავნა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით და განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება შპს “ფ-ის” შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში. მასვე განემარტა, რომ შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს “მ-ს” 2008 წლის 2 ივლისს ჩაჰბარდა, მაგრამ რაიმე შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს “ფ-ის” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “მ-ს” (საქართველო) დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების გადაცემისთანავე შპს “ფ-ისათვის” (უკრაინა) 32720,26 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი ვალის, 595,5 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, 792,1 აშშ დოლარის ოდენობით ზარალის და 3246,47 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის, სულ _ 37354,33 აშშ დოლარის გადახდა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთ და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ფ-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “მ-ს” (საქართველო) დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების გადაცემისთანავე შპს “ფ-ისათვის” (უკრაინა) 32720,26 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი ვალის, 595,5 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, 792,1 აშშ დოლარის ოდენობით ზარალის და 3246,47 აშშ დოლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის, სულ _ 37354,33 აშშ დოლარის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.