Facebook Twitter

საქმე # 330100115001129499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№175აპ-18 ქ. თბილისი

გ. მ. 175აპ-18 27 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მ. გ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,118–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძელზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64–ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 7 იანვარს, თ-ში ურთიერთშელაპარაკებისას, მ. გ-მა სიძეს - ვ. ს-ეს მარცხენა ხელზე ცულის დარტყმით მიაყენა მარცხენა მტევნის მე–3 და მე–4 თითების ნაკვეთი ჭრილობა, მე–3 თითის მომხრელი მყესების დაზიანებით.

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანება განვითარებულია მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გენადი ბაღდასაროვმა და ითხოვა, მ. გ-ის მიმართ სასჯელის გამკაცრება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი; იგი ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის და შესაბამისად, ვერ შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მ. გ-ისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე ვინაიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, არის 77 წელს გადაცილებული, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მიაჩნია, რომ მ. გ-ისთვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე