Facebook Twitter

¹ა-122-შ-14-09 13 აპრილი, 2009წ.

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. ხ-შვილი (წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ფ-ი

განხილვის საგანი _ გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება ¹33 F 187/07)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დანიაში, ლოგუმკლოსტერის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ 2006 წლის 18 მაისის მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹5635/2006) შეწყდა; მეუღლეებს შორის კომპენსაციის უზრუნველყოფა არ შედგა; სასამართლო ხარჯები მხარეებს თანაბრად გადახდათ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მომართა მ. ხ-შვილმა (წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით მ. ხ-შვილის (წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი) შუამდგომლობა გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ¹33 F 187/07) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით; მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობის თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და ზემოაღნიშნული განჩინების ასლები ა. ფ-ს ვერ ჩაჰბარდა, საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია «გამოუხმაურებლობა» («მოუკითხველობა»). აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს სასამართლო გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიჩნევას და შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის განხილვას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ხ-შვილის (წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება ¹33 F 187/07) დანიაში, ლოგუმკლოსტერის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ 2006 წლის 18 მაისის მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹5635/2006) შეწყდა; მეუღლეებს შორის კომპენსაციის უზრუნველყოფა არ შედგა; სასამართლო ხარჯები მხარეებს თანაბრად გადახდათ.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «გ» და «ვ» ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც «ა,» «ბ,» «დ,» «ე» და «ზ» ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება ¹33 F 187/07) .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-შვილის (წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. გერმანიის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება 33 F 187/07), რომლითაც დანიაში, ლოგუმკლოსტერის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ 2006 წლის 18 მაისის მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹5635/2006) შეწყდა; მეუღლეებს შორის კომპენსაციის უზრუნველყოფა არ შედგა; სასამართლო ხარჯები მხარეებს თანაბრად გადახდათ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.