¹ ბს-1095-936-კ-04 15 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ქმედების განხორციელება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი “ს.” მიმართ და უარი ეთქვა სოციალური შენატანების _ 282486 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის _ 100500 ლარის დაკისრებაზე. ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კრწანისის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს “ს.” და ფოთის ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციის მიმართ. სასამართლომ დაადგინა: ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის საბანკო ანგარიშებიდან, ფოთის ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციის საბანკო ანგარიშებთან ერთად სოლიდარულად ჩამოიწეროს 97060 ლარი და 13 თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე “ს.” დავალიანების დასაფარად. სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 მაისის განჩინებით, სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელის გამო სს “ს.” მიმართ 30287,48 ლარის საბიუჯეტო დავალიანების დაკისრების თაობაზე იმ მოტივით, რომ უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
2003წ. 22 მაისს სს “ს.” სარჩელი აღძრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე და შემდეგი მოტივით მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საგადასახადო სამსახური არ ახორციელებს სს “ს.” პირადი ბარათიდან აღნიშნული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას და არიცხავს საურავს, რის გამოც ეს “დავალიანება” საგრძნობლად გაიზარდა და შესაძლოა დაისვას საკითხი მათი ქონების აუქციონის წესით დაყადაღება-გაყიდვაზე. მოსარჩელემ სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად არაერთგზის მიმართა მოპასუხეს მათი პირადი ბარათიდან ამ დავალიანებების ჩამოწერაზე, რაც მოპასუხემ არ განახორციელა. ამიტომ სს “ს.” ითხოვს მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალოს მოსარჩელის პირადი ბარათიდან საგადასახადო დავალიანებების ამოღება და საურავების დარიცხვის შეწყვეტა.
მოპასუხე მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სს “ს.” სარჩელი არ ცნო, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებში არ არის მითითებული სადავო თანხების “ს.” პირადი დაბეგვრის ბარათიდან ამორიცხვისა და ფოთის პორტის, ასევე, ფოთის პორტის მშენებარე ობიექტების დირექციის პირადი დაბეგვრის ბარათზე დარიცხვის შესახებ. საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება უშუალოდ გადამხდელს. ამასთან, “ს.” დებიტორებისგან თანხების საინკასო წესით ჩამოწერა არის საგადასახადო ინსპექციის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება, რომელიც არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს ვალდებულების შესრულებისაგან, მით უფრო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად არ მომხდარა საგადასახადო დავალიანების ბიუჯეტში ამოღება.
რაიონულ სასამართლოში სს “ს.” გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და გარდა თავდაპირველი მოთხოვნისა (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შესაბამისად საგადასახადო დავალიანებების მათი პირადი ბარათიდან ამოღება და საურავების დარიცხვის შეწყვეტა), ასევე, მოითხოვა მისი პირადი ბარათიდან ამოღებული საგადასახადო დავალიანებების აღრიცხვა იმ საგადასახადო ინსპექციაში, სადაც აღრიცხვაზე დგანან ამ დავალიანებების მაღიარებელი პირები.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “ს.” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; საქართევლოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 16 ივლისის, კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებებისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 მაისის განჩინების შესაბამისად, მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა “ს.” დაბეგვრის პირადი სააღრიცხვო ბარათებიდან სოცაღრიცხვისა და საშემოსავლო გადასახადებში დავალიანებების ძირითადი თანხებისა და საურავების ამოღება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდიდან, გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე; ზემოაღნიშნული დავალიანება და საურავები უნდა აღირიცხოს იმ საგადასახადო ინსპექციაში, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე დგას ფოთის ნავსადგურის გაფართოება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტის დირექცია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელმაც იგივე საფუძვლით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა (შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე “ს.” პირადი დაბეგვრის ბარათიდან სოცანარიცხებისა და საშემოსავლო გადასახადების დავალიანების ამოღება და საურავების დარიცხვის შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი; მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს “ს.” დაბეგვრის პირად სააღრიცხვო ბარათზე რიცხული სოცდაზღვევის გადასახადის დავალიანებისა (282486 ლარი) და საშემოსავლო გადასახადის დავალიანების (97060 ლარი), ასევე, მათზე დარიცხული საურავების შემცირება დავალიანების წარმოშობის პერიოდიდან:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ორ მოთხოვნას აყენებდა: 1. მისი პირადი სააღრიცხვო ბარათიდან საგადასახადო დავალიანებების ამოღება, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე და 2. ამ დავალიანების ფოთის ნავსადგურის გაერთიანება-რეკონსტრუქციის მშენებარე ობიექტის დირექციის ბარათზე აღრიცხვა, ვინაიდან მოსარჩელემ შეამცირა სარჩელი და უარი თქვა მეორე მოთხოვნაზე, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის დაზუსტებულ (თავდაპირველ) მოთხოვნაზე.
სააპელაციო პალატის აზრით, სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნებს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე (რიცხული დავალიანებისა და საურავების შემცირება) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ამიტომ სარჩელი დასაშვებია. სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო ორგანოსათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლით საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან, დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და განახორციელონ ამავე მუხლით განსაზღვრული ქმედებები.
სააპელაციო პალატამ სს “ს.” სარჩელი საფუძვლიანად ჩათვალა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი და უარი ეთქვა 282486 ლარის სოცანარიცხების “საქპროექტისათვის” დარიცხვაზე. ამიტომ მოსარჩელეს არ აქვს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დავალიანება და მოპასუხე ვალდებულია, შეამციროს მოსარჩელის პირად ბარათზე რიცხული 282486 ლარი, დარიცხული საურავებით.
კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს “ს.” რიცხული დავალიანების 97060 ლარის ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის და ფოთის ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციის საბანკო ანგარიშებიდან ამოღება, რის გამოც, სააპელაციო პალატის აზრით, საოლქო საგადასახადო ინსპექცია, როგორც კრედიტორი, ვალდებულია, 97060 ლარი მოითხოვოს გადაწყვეტილებაში მითითებული პირებისაგან და შესაბამისად, სს “ს.” პირად ბარათზე რიცხული დავალიანება უნდა შემცირდეს. სასამართლოს აზრით, საგადასახადო ორგანო გადაწყვეტილებაში კრედიტორად აღნიშნული რომც არ იყოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით მას უფლება აქვს, 97060 ლარის იძულებითი ამოღება თავად განახორციელოს ფოთის ნავსადგურისა და მშენებარე ობიექტის დირექციის ანგარიშიდან, კოდექსის 42-ე თავით დადგენილი პროცედურებით.
სასამართლოს აზრით, კანონიერ ძალაში შესული საარბიტრაჟო და კრწანისის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებით სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა სს “ს.” პირად სააღრიცხვო ბარათზე საგადასახადო დავალიანებების არსებობას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნული საგადასახადო დავალიანებები საგადასახადო ორგანომ უნდა შეამციროს სს “ს.” სააღრიცხვო ბარათზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
კასატორის აზრით, მართებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მითითება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ საგადასახადო ორგანოების მიერ სს “ს.” რიცხული საგადასახადო დავალიანებების ამავე საწარმოს პირადი ბარათიდან ამორიცხვას. ამასთან, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლს, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება სრულდება უშუალოდ გადამხდელის მიერ. კასატორს სს “ს.” სააღრიცხვო პირად ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანებები დადასტურებულად და საფუძვლიანად მიაჩნია, ვინაიდან ისინი დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე და 252-ე მუხლების დაცვით. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას კოდექსის 246-ე მუხლზე, რადგან მესამე პირიდან გადასახადების ამოღება ხორციელდება მაშინ, როცა უშუალოდ გადამხდელთან ვერ ხერხდება თანხების მობილიზება, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არა აქვს ადგილი, რადგან სს “ს.” გააჩნია საკმარისი აქტივები საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
მოწინააღმდეგე მხარის _ სს “ს.” წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სს “ს.” საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელით მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციისაგან (უფლებამონაცვლე თბილისის საგადასახადო ინსპექცია) მოითხოვდა ქმედების განხორციელებას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად მისი პირადი სააღრიცხვო ბარათიდან 382986 ლარის სოცანარიცხების დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერას, რაც სრულად დაკმაყოფილდა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ და რასაც საკასაციო პალატაც, ასევე, იზიარებს. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი “ს.” (უფლებამონაცვლე სს “ს.”) მიმართ და მოსარჩელეს უარი ეთქვა 282486 ლარის სოციალური შენატანების ვადაგადაცილებული დავალიანებისა და დარიცხული საურავის სახით 100500 ლარის “საქსახპროექტისათვის” დაკისრებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს აღარ აქვთ უფლება ხელახლა იდავონ სასამართლოში დავის იმავე საგანზე და იგივე საფუძვლით.
ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უარი ეთქვა სოციალური შენატანების დავალიანებისა და საურავების სახით 382986 ლარის “ს.” დაკისრებაზე, სს “ს.”, როგორც “ს.” უფლებამონაცვლის, სარჩელი საფუძვლიანია და თბილისის საგადასახადო ინსპექცია, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და სსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია, საარბიტრაჟო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება და სს “ს.” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწეროს სამართლებრივად არარსებული სოციალური შენატანების დავალიანება. ამრიგად, 382986 ლარის დავალიანების სს “ს.” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერის ნაწილში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ამ ნაწილში თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ასევე, დაკმაყოფილდა სს “ს.” სარჩელი 97060 ლარის საშემოსავლო გადასახადის დავალიანების პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერის შესახებ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურსა და ფოთის ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციას დაევალათ საბანკო ანგარიშებიდან 97060,13 ლარის ჩამოწერა სს “ს.” საგადასახადო დავალიანების დასაფარად. კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ასევე, შევიდა კანონიერ ძალაში და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და სსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ კერძო პირისთვის.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კრწანისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 97060 ლარის საშემოსავლო გადასახადის დავალიანების სს “ს.” პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერისა და გადაწყვეტილებაში მითითებული მესამე პირებიდან თანხის ამოღების შესახებ, რადგან საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება უნდა შესრულდეს უშუალოდ გადამხდელის მიერ.
მართალია, კასატორის მიერ მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებას პირადად გადასახადის გადამხდელის მიერ, თუ საგადასახადო კანომდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რადგან რიგ შემთხვევებში საგადასახადო ვალდებულების შესრულება ასევე შეიძლება დაეკისროს სხვა პირს, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა საგადასახადო ორგანოს უფლებას კუთვნილი საგადასახადო თანხის ჩამოწერა საინკასო დავალებით ეწარმოებინა გადასახადის გადამხდელის დებიტორის საბანკო ანგარიშებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე ნორმის შესაბამისად, კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და მას უფლება მიეცა 97060 ლარის “ს.” საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ეწარმოებინა “ს.” დებიტორების: ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურისა და ფოთის ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექციის საბანკო ანგარიშებიდან.
კასატორის განმატებით, კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა და ამიტომ 97060 ლარის დავალიანება სწორად ირიცხება “ს.” პირადი აღრიცხვის ბარათზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგური და ფოთის ნავსადგურის მშენებარე ობიექტების დირექცია წარმოადგენენ სადავო ურთიერთობის მონაწილე პირებს კრწანისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1998წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სადავო თანხის ჩამოწერა უნდა განხორციელებულიყო მათი საბანკო ანგარიშებიდან, რის გამოც თბილისის საგადასახადო ინსპექციასა და “ს.” შორის დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეხება მათ ინტერესს, ამიტომ საჭიროა განსახილველ საქმეში მათი მოწვევა, რადგან მხოლოდ მათი მეშვეობით შეიძლება გადაწყდეს საგადასახადო ინსპექციის სარჩელის კანონიერების საკითხი, დადგინდეს, მოხდა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება _ მათი საბანკო ანგარიშებიდან “საქპროექტის” დავალიანების დაფარვის მიზნით 97060 ლარის ბიუჯეტში გადახდა და საქმის განხილვის მომენტისათვის რეალურად არსებობს თუ არა აღნიშნული საგადასახადო დავალიანება.
ამდენად, 97060 ლარის საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოწერის ნაწილში საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა და პროცესუალურად ახალი სუბიექტების ჩართვა. ამიტომ ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება კრწანისის რაიონული სასამართლოს 1998წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “ს.” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 97060 ლარის ჩამოწერის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “ს.” პირადი აღრიცხვის ბარათიდან 382986 ლარის დავალიანების ჩამოწერის ნაწილში;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.