საქმე # 010100218700053084
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №78აპ-18 ქ. თბილისი
კ. ე. 78აპ-18 9 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
განაჩენით მსჯავრდებულ ე. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ე. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 4152,91 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რაც 2015 წლის 18 ივლისს სასაზღვრო გამშვები პუნქტი ს-ის გავლით უკანონოდ გაჰქონდა საქართველოდან.
2015 წლის 18 ივლისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხ-ს რაიონის სოფელ ს-ში, საბაჟო გამშვები პუნქტი ს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, მებაჟისგან ამოიღეს ამ უკანასკნელის მიერ ე. კ-ს ბარგის დათვალიერების შედეგად ამოღებული 2 ცალ პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი და 6 ცალი ჟურნალი მის ფურცლებს შორის არსებული მოთეთრო ფერის ნივთიერების კვალით, რაც ამ უკანასკნელს სასაზღვრო გამშვები პუნქტი ს-ს გავლით გაჰქონდა საქართველოდან, ხოლო ე. კ. დააკავეს ბრალდებულის სახით. ქიმიური ექსპერტიზის #-- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 2 ცალად დაფასოებულ თეთრ ფხვიერ ნივთიერებებსა და 60 ფირფიტაზე არსებულ მოყვითალო ნივთიერების დანაშრევებში ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) საერთო შემცველობა შეადგენს - 4152,91 გრამს.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა: დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ე. კ-ს ჩანთიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა დაცვა სადავოდ ხდის ქმედების განზრახვას და განმარტავს, რომ ე. კ-ს დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია, რომ იგი გამოიყენეს სხვისი კანონსაწინააღმდეგო ნების განსახორციელებლად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნული არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვას, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას და მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას. ქმედების უკანონობა კი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. შესაბამისად, შეძენა უკანონოდ მიიჩნევა, თუ ნარკოტიკული საშუალება არ არის შეძენილი სპეციალური ლიცენზიის მქონე აფთიაქებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში სპეციალური რეცეპტით ან კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ე. კ-ს ხელბარგში აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. აღნიშნულ ფაქტს თავად მსჯავრდებულიც არ ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი ასევე დასტურდება მოწმეების - მ. ვ-ს, გ. ბ-ს, ბ. კ-ს და გ. რ-ს ჩვენებებით.
თავის მხრივ, მოწმეთა ჩვენებების სისწორე დასტურდება 2018 წლის 18 ივლისის ამოღების ოქმით, ინსტრუმენტული, ქრომატოგრაფიული კვლევით, რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ. ქ-მ, ქიმიური ექსპერტიზის №-- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ლ-მ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის განმარტება, რომ თითქოს მისთვის უცნობი იყო ნარკოტიკის არსებობის შესახებ, ვინაიდან იმ ხელჩანთაში, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკი, მოთავსებული იყო ე. კ-ს პირადი ნივთები. მსჯავრდებულის განმარტებით, მისი პირადი ნივთები ჩანთაში მოხვდა შემთხვევით მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა შეამოწმეს მისი ხელბარგი, რაც არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, რომ ე. კ-ს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ფირმასთან, რომელმაც იგი დაასაქმა იმ პირობით, რომ მას უნდა გადაეტანა გარკვეული ნივთები საქართველოდან თურქეთში, რაშიც უნდა მიეღო ანაზღაურება, არ დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ე. კ-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შეძენა-შენახვის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ ე. კ. დააკავეს საქართველოს საზღვარზე ისე, რომ მას არ გაუვლია საბაჟო კონტროლი, რადგან იგი უნდა შეხვედროდა პიროვნებას, ვისთვისაც უნდა გადაეცა ის ჩანთა, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკი და მიიჩნია, რომ ე. კ-ს დაკავება მოხდა საქართველოდან ნარკოტიკული საშუალების გადატანისას. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის მცდელობა.
დაცვის მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს არ გაუვლია საბაჟო, არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, რადგან სწორედ იმ განზრახვით, რომ მას გაევლო საბაჟო კონტროლი, ე. კ-მ მიაწოდა პასპორტი მებაჟეს, რომელსაც გაუჩნდა რა ეჭვი, რომ შესაძლებელია პიროვნებას გადაეადგილებინა კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, სთხოვა გაჰყოლოდა სპეციალურ ოთახში, სადაც მოხდა ბარგის დათვალიერება და სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს დაფასოებული მოთეთრო ფერის ფხვნილი. კერძოდ, მოწმე მ. ვ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის იმყოფებოდა ექსპორტის საბაჟო ზონაში, სადაც შევიდა ე. კ-მ იმ დროს ხორციელდებოდა სტამბოლი-თბილისის რეისი, ე. კ-მ მას მიაწოდა პასპორტი. მოწმის განმარტებით, მან ვერ განმარტა საქართველოში ყოფნის ზუსტი მიზანი, ვერ პასუხობდა შეკითხვებს - რომელ სასტუმროში იყო, თანხა რამდენი ჰქონდა. აღნიშნულის შემდგომ მას ეჭვი შეეპარა, რომ შესაძლებელია პიროვნებას გადაეადგილებინა კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. მან სთხოვა ე. კ-ს გაჰყოლოდა, რათა მომხდარიყო მისი ფიზიკური დათვალიერება, რასაც იგი დაემორჩილა. ე. კ. ნამდვილად რომ აპირებდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას, ასევე დასტურდება პირადი ჩხრეკის ოქმით, სადაც მითითებულია, რომ მისი პირადი ჩხრეკის დროს, სხვა ნივთებთან ერთად, ამოიღეს ავტობუსით მგზავრობის ბილეთი.
მსჯავრდებულის განმარტებით, შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო ექსპერტიზა იმის დასადგენად, რომ მას შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. შესაბამისად, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა განსახილველ საქმეზე არსებითი მნიშვნელობის იყო, შეეძლო თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა, თუმცა აღნიშნული დაცვის მხარის მიერ არ განხორციელებულა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი მოპოვებულია კანონდარღვევით და ის არ უნდა გამხდარიყო განაჩენის გამოტანის საფუძველი და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც მასალებით დგინდება, ე. კ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა დაიწყო 2015 წლის 18 ივლისს 08.36 საათზე და დასრულდა 09:10 საათზე, ხოლო 09.15 საათზე მას გადაეცა დაკავების ოქმი. დაკავების ოქმის შედგენა დასრულდა დაკავების ადგილზე და გადაეცა ბრალდებულს. ხოლო დროის იმ სხვაობაზე, რაზედაც დაცვა აპელირებს, ეს არის ბრალდებულის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის დრო, რა დროსაც ხელმძღვანელი პირის მიერ (2015 წლის 18 ივლისს) 16:54 საათზე მოხდა დაკავებულის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დროის დადასტურება. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ე. კ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარებულია ხ-ს რაიონის სოფელ ს-ში, ხოლო თ-ში მის ჩამოყვანას და საგამოძიებო ორგანოში მის წარდგენას დასჭირდა გარკვეული დრო, მანძილის გათვალისწინებით. ასევე მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მსჯავრდებულ ე. კ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის გარდა, ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. კ-სთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მას დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ე. კ-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ე. კ-ს ბრალეული ქმედება.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მოწმეების - მ. ვ-ს, გ. ბ-ს, რ. ბ-ს, გ. რ-ს, ბ. კ--ს, ნ. ლ.სა და გ. ქ-ს ჩვენებებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ს-ს“ უფროსის - ზ. კ-ს წერილით, 2015 წლის 18 ივლისის ს.გ.პ. „ს-ს“ უფროსი მებაჟე-ოფიცრის - მ. ვ-ს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 18 ივლისის ამოღების ოქმით, 2015 წლის 18 ივლისით დათარიღებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2015 წლის 18 ივლისის დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 18 ივლისის ნარკოლოგიური გამოკვლევის #-- დასკვნით, 2015 წლის 18 ივლისის #-- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 2015 წლის 22 ივლისის საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის /მთავარი სამმართველოს/ უფროსის მოადგილის, მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის - ლ მ-ს წერილით, 2015 წლის 23 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 30 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 10 აგვისტოს საიტისა და ჯავშნების დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 14 აგვისტოს სასტუმროს ჯავშნის დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 28 აგვისტოს დათვალიერების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ე. კ-ს ბრალეულობა.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი