Facebook Twitter

ა-137-შ-21-07 8 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე ჯ. ჯ-ს მიმართ დაუსაბუთებელი გამდიდრებისა და სასამართლო ხარჯების ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბერესტოვიცკის რაიონის პროკურატურამ სარჩელი აღძრა ჯ. ჯ-ს და გ. ქ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული 30 211 932 რუბლის დაკისრების თაობაზე და განაცხადა, რომ ბერესტოვიცკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის განაჩენით მოპასუხე ჯ. ჯ-ს ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიესაჯა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის არმქონე ჯ. ჯ-ა და გ. ქ-ი 2002 წლის 20 ივნისიდან 2004 წლის ნოემბრამდე უკანონო ინდივიდუალურ მეწარმეობას ეწეოდნენ, რომელიც გამოიხატებოდა “ნივის” მარკის ავტომანქანის რეალიზაციაში ბერესტოვიცკის, ვოლკოვისის, მოსტოვსკის რაიონების მეურნეობებში სოფლის მეურნეობის ნაწარმის მაგივრად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიღეს შემოსავალი ნატურის სახით განსაკუთრებულად დიდი ოდენობით, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ნაწარმის სახით, რაც ფულად ეკვივალენტში შეადგენს 30 211 932 რუბლს.

მოპასუხე ჯ. ჯ-ა სასჯელს იხდის ქ. ... ¹15 გამოსასწორებელ კოლონიაში. იგი სასამართლოში წარდგენილი განცხადებით, არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნებს.

ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ს დაეკისრა დაუსაბუთებელი გამდიდრების შედეგად მიღებული _ 30 211 932 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1 630 რუბლის გადახდა.

ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ს დაეკისრა დაუსაბუთებელი გამდიდრების შედეგად მიღებული _ 30 211 932 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1 630 რუბლის გადახდა.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 8 აპრილს და არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ბერესტოვიცკის რაიონის ქალაქის ტიპის ბერესტოვიცას დასახლების სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ჯ-ს დაეკისრა დაუსაბუთებელი გამდიდრების შედეგად მიღებული _ 30 211 932 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1 630 რუბლის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.