Facebook Twitter

ა-1382-შ-46-07 26 სექტემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. მ-ს შუამდგომლობა ინგლისის ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ჯ. პ. ს-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ინგლისის ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოში ქ.თბილისში 1984 წლის 23 ივნისს ვ. მ-სა და ჯ. პ. ს-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1998 წლის 23 მარტს.

ვ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ვ. მ-ს შუამდგომლობა ინგლისის ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. მ-ს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ინგლისის ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოში ქ.თბილისში 1984 წლის 23 ივნისს ვ. მ-სა და ჯ. პ. ს-ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 1998 წლის 23 მარტს.

2007 წლის 2 აგვისტოს ვ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1132-ე მუხლის თანახმად განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის შემომტანმა პირმა დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა, რადგან მას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოეთხოვა კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში, ამ მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა შეეძლო 2001 წლის 23 მარტის ჩათვლით, მან კი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა 2007 წლის 2 აგვისტოს ანუ 6 წლის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. მ-ს შუამდგომლობა ინგლისის ჰასტინგის საგრაფოს სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.