Facebook Twitter

¹ა-1423-შ-50-07 19 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოქალაქე ნ. ს-ის ძე კ-ს შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ს მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენით ჯ. ჯ.ის ძე ჯ-ს, ნ. ს-ს ძე კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზარალის ანაზღაურება 448 000 რუბლის ოდენობით. მასვე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 22 400 რუბლის გადახდა.

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 6 თებერვალს და ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ნ. ს-ს ძე კ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს მოქალაქის მსჯავრდებულ ჯ. ჯ.ის ძე ჯ-ს მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა დასკვნამდე, რომ მოქალაქე, ნ. კ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენით ჯ. ჯ.ის ძე ჯ-ს, ნ. ს-ს ძე კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზარალის ანაზღაურება 448 000 რუბლის ოდენობით. მასვე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 22 400 რუბლის გადახდა.

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 6 თებერვალს და ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ნ. ს-ს ძე კ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქართველოს მოქალაქის მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ის ძე ჯ-ს მიმართ.

“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 კარი განსაზღვრავს კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშელმკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტეროტორიაზე გამოტანილ იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო შეთანხმების და ნოტარიალური აქტების ჩათვლით ფულად ვალდებულებათა მიმართ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი გადაწყვეტილება განეკუთვნება მოცემული ნორმით რეგულირებად კატეგორიას. საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დაცულია 54-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ის ძე კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ.მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განაჩენი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც ჯ. ჯ.ის ძე ჯ-ს ნ. ს-ის ძე კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზარალის - 448 000 რუბლის ანაზღაურება და სახელმწიფო ბაჟის – 22 400 რუბლის გადახდა ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.