¹ ა-1446-შ-52-06 5 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. გო-სა და ყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მ. ს-ის შუამდგომლობაYყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ო. მ-ს მიმართ ქორწინების სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. გო-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქორწინების სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანა. მან აღნიშნა, რომ ქუთაისის ¹1216 ქორწინების სააქტო ჩანაწერში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული განმცხადებლისა და მისი მეუღლის გვარი, “გო-ს” ნაცვლად ჩაწერილია “გა-ი”. ა. გო-ს განმარტებით, 2003 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა მისი მეუღლე და მას, ქორწინების სააქტო ჩანაწერში დაშვებული შეცდომის გამო, არა აქვს შესაძლებლობა მიიღოს მემკვიდრეობა.
ყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.გო-ს განცხადება დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წალკის რაიონის 1954 წლის 8 თებერვლის ქუთაისის ¹1216 სააქტო ჩანაწერში ცოლ-ქმრის გვარი “გა-ი” უნდა შეიცვალოს “გო-ით”.
ა. გო-მ დაYყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მ.ს-მა შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს Yყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. გო-სა და ყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მ. ს-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.
ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. გო-სა და ყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მ.ს-ის შუამდგომლობაYყირიმის ა/რ ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.