ა-1452-შ-55-06 19 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელის ლ. ზ-ის განცხადება მოვალე ზ. ბ-ის ძებნის გამოცხადებისGთაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი. ბ-ი და ზ. ბ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1989 წლის 11 თებერვლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი _ ვ., დაბადებული 1989 წლის 13 ივლისს. ამჟამად მეუღლეები განქორწინებულები არიან. ი. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. ბ-სათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი ქალიშვილის აღსაზრდელად.
უკრაინის დონეცკის ოლქის ქ. მარიუპოლის სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ი. ბ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი ქალიშვილის აღსაზრდელად ყოველთვიური შემოსავლიდან 1/4-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ მოქალაქეთა მინიმალური შემოსავლის 1/2-ის ოდენობით და ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრინვის ოდენობით.
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 16 აპრილს და ექვემდებარება აღსრულებას.
ი. ბ-მა შუამდგომლობით მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განჩინებით უკრაინის მოქალაქის ი. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ცნობილ იქნა დონეცკის ოლქის ქ. მარიუპოლის სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და იგი დაექვემდებარა აღსრულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2001 წლის 25 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ასლი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი გაიგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ლ. ზ-მა 2006 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოვალე ზ. ბ-ის ძებნის გამოცხადება. განმცხადებლის მითითებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2001 წლის 25 დეკემბერს გაცემული ¹3ა/47 სააღსრულებო ფურცელი, ზ. ბ-ის მიმართ, მცხოვრები ქ.თბილისში, ... ზ/პ კორპუსი ბინა ¹...-ში, ალიმენტის გადახდევინების შესახებ. მან განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოვალე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და არ ცხადდება თბილისის სააღსრულებო ბიუროში.
საკასაციო პალატა გაეცნო თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელის ლ. ზ-ის განცხადებას და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო; იმავე კანონის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ კანონით განმტკიცებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება შეამოწმოს ექვემდებარება თუ არა უცხო ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობას და აღსრულებას.
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, დაცულია თუ არა ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იძულებით უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება.
მოვალის მოძებნას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლი, აგრეთვე “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” სპეციალური კანონი. ამ კანონის 30-ე მუხლის თანახმად აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის მოძებნის შესახებ. აღმასრულებლის განცხადება შეიძლება მოტივირებული იყოს იმით, რომ მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას.
მაგრამ მას შემდეგ, როცა საკასაციო პალატამ მიიღო განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი აღსრულების შესახებ და გასცა შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი, აღმასრულებელმა უნდა განახორციელოს აღსრულება. ყველა იმ საკითხზე, რაც წამოიჭრება აღსრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოითხოვენ სასამართლოს (მოსამართლის) ჩარევას, მათ შორის მოვალის პოლიციის მეშვეობით მოძებნის თაობაზე, აღმასრულებელმა უნდა მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 30-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელის ზ. ზ-ის განცხადება მოვალე ზ. ბ-ის ძებნის გამოცხადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.