ა-1491-შ-52-07 29 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. წ-ი
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, როტენბურგის საუბნო, ოჯახური სასამართლოს 2006 წლის 23 ნოებრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის, როტენბურგის საუბნო, ოჯახური სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ როტენბურგის ნეკარზე ვენდელსჰაიმის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ ნ. დ-ი და ა. უ. შ-ი განქორწინებულ იქნენ, განქორწინების განმავლობაში, ხელფასის მიუხედავად, გაყრისას, მეუღლეთა წილების გათანაბრება არ მოხდა.
გერმანიის, როტენბურგის საუბნო, ოჯახური სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 თებერვალს.
ნ. დ-ს დედა _ მ. წ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, როტენბურგის საუბნო, ოჯახური სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ. წ-ს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-ს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ. წ-ს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღეში, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ადვოკატის მოწმობის წარმოდგენა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მ. წ-ს სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 21 სექტემბერს, აღნიშნულის მიუხედავად, შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში მ. წ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. წ-ს შუამდგომლობა გერმანიის, როტენბურგის საუბნო, ოჯახური სასამართლოს 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.