ბს-1097-676(კ-05) 30 მარტი, 2006 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა სს “.. ..” და აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის მერიის 30.09.96წ. ¹625 განკარგულებისა და 30.09.96წ. ხელშეკრულების თანახმად სს “.. ..” სახელზე რიცხული შენობა მდებარე ქ. ქუთაისში, ..., მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მუნიციპალიტეტს. სანაცვლოდ მერიამ სს “.. ..” ქ. ქუთაისში, ... მდებარე შენობა გადასცა საკუთრებაში და სხვაობის სახით 63 000 ლარის გადახდა იკისრა. თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 1.1 პუნქტით დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა გადასახადი თანხის 0.2%. მოსარჩელის განმარტებით, მერიის საფინანსო სამმართველოს სარევიზიო განყოფილებისა და აუდიტორული ფირმა “ა...ის” დასკვნის თანახმად, 25.04.01წ. დავალიანება 126 537 ლარს შეადგენდა. 04.04.03წ. საფინანსო სამმართველოდან მიღებული წერილით აღიარებულ იქნა ვალი და მიეთითა, რომ 01.04.03წ. მდგომარეობით სს “.. ..” ეკუთვნის ბიუჯეტიდან შეუსრულებელი განკარგულების სახით 80 961 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სს “.. ..” სასარგებლოდ 80 961 ლარის დაკისრება.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.06.04წ. გადაწყვეტილებით სს “.. ..” სარჩელი ქ. ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს მიმართ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.06.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს “.. ..” მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 13.08.04წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.06.04წ. გადაწყვეტილება, სს “.. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის მთავრობას სს “.. ..” სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 13.08.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მთავრობის და ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.02.05წ. განჩინებით კასატორების ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13.08.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სს “.. ..” წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის მერიის საფინანსო განყოფილებისთვის .. ..” სასარგებლოდ 26 669 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.05.05წ. გადაწყვეტილებით სს “.. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.06.04წ. გადაწყვეტილება, სს “.. ..” სარჩელი ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის მერიის საფინანსო განყოფილების მიმართ .. .. სასარგებლოდ 26 669 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო 1997წ. სკ-ის ნორმათა საფუძველზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის აღებული ურთიერთვალდებულებები გაგრძელდა ახალი კოდექსის მოქმედების შემდეგ. კერძოდ, ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ვერ დაიფარა ძირითადი ვალი, რის გამოც ამოქმედდა ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტი, საჯარიმო სანქციების შესახებ. ხელშეკრულების ეს ნაწილი იყო განუსაზღვრელი ვადით დადებული, დენადი, რომელიც უნდა შეწყვეტილიყო ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 30.09.96წ. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი ზღვრულ ოდენობასთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს წლიური პროცენტი ძირითადი თანხის 72%-ს შეადგენდა, რაც კაბალურ მდგომარეობაში აყენებდა ქ. ქუთაისის მთავრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სკ-ის 420-ე მუხლის საფუძვლზე შეამცირა პირგასამტეხლო ქ. ქუთაისის მერიის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობამდე და მოპასუხეები სადავო თანხის გადახდისაგან გაათავისუფლა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 25.05.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “.. ..” მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის მერიისათვის მის სასარგებლოდ 26 669 ლარის დაკისრება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1997წ. სკ-ის ძალაში შესვლამდე. საჯარიმო სანქცია ძალაში შევიდა მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისთანავე, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მიხედვით საჯარიმო სანქციის ამოქმედების ბოლო ვადა 30.01.97წ. იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის აზრით, განსახილველი დავა უნდა განხილულიყო 1997წ. სკ-ის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ 25.11.97წ.-მდე მოქმედი სკ-ის დებულებათა გამოყენების შემთხვევაში სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა ახალი სკ-ის 420-ე და 625-ე მუხლებს, რომლებიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას და სესხისათვის პროცენტის განსაზღვრას.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 625-ე მუხლი, ვინაიდან მითითებული ნორმა განსაზღვრავს სესხისთვის პროცენტის და არა პირგასამტეხლოს ოდენობას. კასატორის აზრით, სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობას, ვინაიდან სს “.. ..” და ბანკ “რ...ს” შორის გაფორმებული 22.10.96წ. ¹1883წ ხელშეკრულების საფუძველზე ისესხა 20 000 აშშ დოლარის კრედიტი. საბანკო სესხით სარგებლობისათვის ყოველთვიურად იხდიდა ძირითადი თანხის 10%. ამასთან, სს “.. ..” კრედიტით სარგებლობისთვის ბანკის სასარგებლოდ საგირავნო ვალდებულებით დატვირთა 60 000 აშშ დოლარად შეფასებული მისი კუთვნილი შენობა. კასატორმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბანკთაშორის საკრედიტო ურთიერთობაში წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 70% დაფიქსირდა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-5 ნაწილი. საგადასახადო კოდექსი არეგულირებს გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს, 129-ე მუხლი მოთავსებულია “საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეებისა და პასუხისმგებლობის” შესახებ საგადასახადო კოდექსის მე-18 თავში, რაც თავისთავად განსაზღვრავს მუხლის გამოყენების არეალს.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოპასუხეების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ქუთაისის მერის 30.09.96წ. განკარგულების საფუძველზე ქუთაისის მერიასა და სს “.. ..” შორის 30.09.96წ. დაიდო ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ქუთაისის მერიას სს “.. ..” 1997წ. 31 იანვრამდე ეტაპობრივად უნდა გადაეხადა 63 000 ლარი. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიას პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 0,2% პროცენტი უნდა გადაეხადა. 31.01.97წ. ქ. ქუთაისის მერიას გადახდილი ჰქონდა ძირითადი თანხის ნაწილი _ 32 000 ლარი, 30.09.98წ. – 15 000 ლარი, ხოლო 26.12.01წ. მთლიანად დაფარა ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი _ 16 000 ლარი. ძირითადი თანხის დაფარვით გაუქმდა პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი. 2002წ. 24 მაისიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ქ. ქუთაისის მერიამ სს “.. ..” 44 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო გადაუხადა.
სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სკ-ის ძალაში შესვლამდე ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 25.11.97წ.-დან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიას ძირითადი თანხა და პირგასამტეხლოს ნაწილი _ 44 000 ლარი, სს “.. ..” მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე აქვს დაფარული და ამდენად, დავის საგანს პირგასამტეხლოს ნაწილის დაკისრება წარმოადგენს. მითითებული მოთხოვნის უფლება განსაზღვრულია სადავო ხელშეკრულების 2.1 პუნქტით, რომლის თანახმად, გადასახდელი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეს მხარეებს წარმოეშობათ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის მიმართ უფლება-მოვალეობები. აღნიშნული დებულება ძალას კარგავდა ძირითადი თანხის სრულად დაფარვის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ქუთაისის მერიას 44 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო გადახდილი აქვს და დარჩენილი პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა 26 669 ლარს შეადგენს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ახალი კოდექსის მოქმედების შემდეგაც გაგრძელდა, სადავო პირგასამტეხლოს მიმართ მხარეებს უფლება-მოვალეობები 1997წ. სკ-ის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოეშვათ და სააპელაციო პალატამ მართებულად გადაწყვიტა სადავო სამართალურთიერთობა ამჟამად მოქმედი კოდექსის ნორმების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ 25.11.97წ.-მდე მოქმედი სკ-ის დებულებების გამოყენება აგრეთვე არ ქმნის სს “.. ..” საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან 1964წ. სკ-ის 76-ე მუხლის მეორე ნაწილით პირგასამტეხლოს გადახდევინების შესახებ სარჩელებისათვის გათვალისწინებული იყო ხანდაზმულობის შემცირებული 6 თვიანი ვადა. სს “.. ..” ბოლო ანგარიშსწორებიდან სასამართლოს მხოლოდ 2004 წელს მიმართა, ამასთან, 1964წ. სკ-ის 83-ე მუხლი მოვალეობის აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შესაძლებლობას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, უკეთუ სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკური პირი იყო. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს “.. ..” 17.02.04წ. სასარჩელო განცხადებით 1997წ. სკ-ის მუხლების საფუძველზე ითხოვდა მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო თანხის დაკისრებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ 30.09.96წ. ხელშეკრულებით დადგენილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს გადასახდელი თანხის 0.2%, წელიწადში ძირითადი თანხის 72% უნდა გადაეხადა, რაც აშკარად კაბალურ მდგომარეობაში აყენებს ქ. ქუთაისის მერიას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მოვალის მიერ გადახდილია 44 000 ლარის პირგასამტეხლო, აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ პირგასამტეხლო ქ. ქუთაისის მერიას ეკისრება არა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, არამედ არაჯეროვანი შესრულებისათვის და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს 44 000 ლარამდე შემცირება სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევები არ არსებობს რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “.. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.05.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.