¹ა-1611-შ-39-08 3 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საწარმო “ფ-ას” გენერალური დირექტორის – ნ. ს-ვის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე - კერძო საწარმო “ფ-ას” სარჩელის გამო მოპასუხე შპს “დ-ის” მიმართ ვაგონ-თვითმცლელის მიწოდების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საწარმო “ფ-ამ” სარჩელი აღძრა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოში შპს “დ-ის” მიმართ რკინიგზის 7 ვაგონ-თვითმცლელის მიწოდების მოთხოვნით.
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “დ-ს” დაევალა დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მიაწოდოს კერძო საწარმო “ფ-ას” 31500 აშშ დოლარის ღირებულების რკინიგზის 7 ვაგონ-თვითმცლელი (დუმპკარი). შპს “დ-ს” დაევალა ასევე დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს კერძო საწარმო “ფ-ას” 3090 აშშ დოლარი საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 27 ივნისს.
2008 წლის 22 აგვისტოს კერძო საწარმო “ფ-ას” გენერალურმა დირექტორმა ნ.ს-ვმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საწარმო “ფ-ას” გენერალური დირექტორის – ნ. ს-ვის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხე შპს “დ-ს”. მას განემარტა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის წერილობითი გამოხატვის უფლება; შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. შპს “დ-ს” საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ზემოაღნიშნული დოკუმენტები. საკასაციო პალატაში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ შეკვეთილი წერილი ადრესატს ჩაბარდა 2008 წლის 12 ოქტომბერს.
მოპასუხე მხარეს რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საწარმო “ფ-ას” გენერალური დირექტორის – ნ.ს-ვის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “დ-ს” დაევალა დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მიაწოდოს კერძო საწარმო “ფ-ას” 31500 აშშ დოლარის ღირებულების რკინიგზის 7 ვაგონ-თვითმცლელი (დუმპკარი). შპს “დ-ს” დაევალა ასევე დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს კერძო საწარმო “ფ-ას” 3090 აშშ დოლარი საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2007 წლის 27 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
2008 წლის 22 აგვისტოს კერძო საწარმო “ფ-ას” გენერალურმა დირექტორმა ნ. ს-ვმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საწარმო “ფ-ას” გენერალური დირექტორის – ნ. ს-ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “დ-ს” დაევალა დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მიაწოდოს კერძო საწარმო “ფ-ას” 31500 აშშ დოლარის ღირებულების რკინიგზის 7 ვაგონ-თვითმცლელი (დუმპკარი) და ასევე დაუყონებლივ, გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუხადოს კერძო საწარმო “ფ-ას” 3090 აშშ დოლარი საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.