Facebook Twitter

ა-1631-შ-41-08 4 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. მ-ო (მ-ი), უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ხ. ო-ი მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-მ განცხადებით მიმართა უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონულ სასამართლოს ა. ხ. ო-ი მ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ ა. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის ა. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 1997 წლის 8 აგვისტოდან ყოველთვიურად შემოსავლების 1/4 ნაწილის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 23,40 რუბლის გადახდა.

ი. მ-მ და უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ. ფ-მ შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ. ფ-სა და ი. მ-ს შუამდგომლობები 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ. ფ-სა და ი. მ-ის შუამდგომლობები უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაყვეტილებით ა. ხ. ო-ი მ-ს ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანის შვილის _ ა. მ-ის სასარგებლოდ 1997 წლის 8 აგვისტოდან ყოველთვიურად დაეკისრა ყოველგვარი შემოსავლების 1/4-ის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის _ 23,40 რუბლის ანაზღაურება.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ.ფ-სა და ი.მ-ს შუამდგომლობები უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას უკრაინის ქ.კიევის დნეპრის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 სექტემრის გადაწყვეტილება, რომლითაც 1970 წლის 21 აპრილს დაბადებულ ა. ხ. ო-ი მ-ს მცხოვრებს საქართველოში, ბოლნისის რაიონი, სოფელი ... დაეკისრა ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული უკრაინის ქ.კიევი, პეროვის ბულვარი 56, ბინა 46-ში მცხოვრები ა. მ-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1997 წლის 8 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილის, ასევე სახელმწიფო ბაჟი 23,40 რუბლის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.