ა-1671-შ-42-08 5 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. თ-ს შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნ. მ-ის მიმართ, ა. მ-ის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. თ-ი და ნ. მ-ი დაქორწინდნენ 2000 წლის 2 სექტემბერს. ქორწინება რეგისტრირებული იქნა საქართველოში, ბოგდანოვკის რაიონის სოფელ ... სასოფლო საბჭოს მიერ. ქორწინების შემდეგ გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში ქალაქ ...ში, სადაც ... წლის ... თებერვალს შეეძინათ შვილი ა. მ-ი.
ამ პერიოდისათვის მათი ურთიერთობა მეტად დაძაბული იყო, მათ ოჯახში ხშირად ადგილი ჰქონდა დავასა და უსიამოვნებებს, რაც უარყოფით ატმოსფეროს უხდიდა მათ მცირეწლოვან შვილს.
2006 წელს რ. თ-ი და ნ. მ-ი დაცილდნენ ერთმანეთს და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, სხვადასხვა სახელმწიფოში, შუამდგომლობის ავტორი სომხეთში, ხოლო მოპასუხე საქართველოში.
2008 წლის 17 ივნისს მოპასუხე ჩავიდა ქ. ერევანში, მოითხოვა ბავშვის მონახულება და სასეირნოდ წაყვანა. ბავშვის დედამ ეჭვის გარეშე მიანდო, ხოლო მამამ დედის თანხმობის გარეშე ბავშვი წამოიყვანა საქართველოში. მან მიმართა სხვადასხვა უფლებამოსილ ორგანოებს, ამ დროის მონაკვეთში მოპასუხემ შეატყობინა ბავშვის დედას, რომ იმყოფება ქ. თბილისში და კვლავ გაუჩინარდა.
რ. თ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა მასსა და ნ. მ-ს შორის, ბავშვის გადაცემა და მოვლა, მზრუნველობა და აღზრდა.
მოპასუხეს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონის შესაბამისად, მაგრამ არ გამოცხადდა და არც წერილობითი პასუხი წარუდგენია.
სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინებით რ. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, არასრულწლოვან ა. მ-ზე შემდგომი მზრუნველობა და მისი აღზრდა გადაეცა დედას რ. თ-ს.
რ. თ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით რ. თ-ს შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ. თ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინებით რ. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, არასრულწლოვან ა. მ-ზე შემდგომი მზრუნველობა და მისი აღზრდა გადაეცა დედას რ. თ-ს.
აღნიშნული სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 5 სექტემბერს და არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. თ-ს შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, არასრულწლოვან ა. მ-ზე შემდგომი მზრუნველობა და მისი აღზრდა გადაეცა დედას რ. თ-ს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.