¹ა-1703-შ-44-08 23 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. ლ-ძის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ნ. ნ-იდის განცხადების გამო შვილად აყვანის თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-იდის განცხადება დაკმაყოფილდა. ნ. ნ-იდის შვილებად ცნობილ იქნენ 1987 წლის 17 მაისს დაბადებული ვ. ლ-ძე და 1988 წლის 19 ივლისს დაბადებული ქ. ლ-ძე.
ქ. ლ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და ზემოთმითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ქ. ლ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან ოცი დღის ვადაში უზრუნველეყო შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: 1) ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; 2) ლეგალიზებული, თარგმნილი და დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულება არ მომხდარა. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
აღნიშნული განჩინების ასლი წარმოდგენილ მასალებში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შუამდგომლიბის ავტორს ქ. ლ-ძეს დადგენილი წესის მიხედვით (ს.ფ.15). განჩინება ქ. ლ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 დეკემბერს (ს.ფ. 16). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა) არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა) განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ქ. ლ-ძემ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ლ-ძის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტეროტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.