Facebook Twitter

საქმე # 330100116001647565

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №146აპ-18 ქ. თბილისი

დ. გ. 146აპ-18 17 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ლილუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით გ. დ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 8 ნოემბრიდან იმავე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით - გ. დ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 ლარით და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი.

გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

გ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 6000 ლარი.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 აგვისტოს შპს ,,ს. მ-ს’’, რომელიც ქ. ბ-ში, ფ. ხ-ს გამზირის N-ში, ნებართვის გარეშე აშენებდა დამხმარე სასაწყობო ფართს, ქ. ბ-ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მისცეს მითითება მშენებლობის შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ, ასევე განუმარტეს, რომ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაჯარიმდებოდა 3000 ლარით.

შპს ,,ს. მ-ს’’ მესაკუთრე გ. შ-მ გადაწყვიტა ქ. ბ-ს მერიიდან აეღო მშენებლობის ნებართვა, რაშიც დახმარება სთხოვა რ. მ-ს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ საკითხში გასარკვევად დაუკავშირდა ნაცნობს, კ-ს ადმინისტრაციაში ქ. ბ-ს მერიის წარმომადგენელ გ. დ-ს.

გ. დ-მ განიზრახა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა გ. შ-ს კუთვნილ ფულად თანხას და მისი წარმომადგენელი - რ. მ. მოატყუა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა, რომ შპს ,,ს. მ-ს“ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები არ დააჯარიმებდნენ და ასევე, გასცემდნენ სათანადო მშენებლობის ნებართვას.

2016 წლის 4 ოქტომბერს ქ. ბ-ს მერიამ ფ. ხ-ს გამზირის N-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით შპს ,,ს. მ-ს’’ მისცა მშენებლობის ნებართვა და, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებსაც არ დაუჯარიმებიათ დასახელებული ორგანიზაცია. აღნიშნული ნებართვის გაცემის შემდეგ გ. დ. დაუკავშირდა რ. მ-ს და მოატყუა, რომ უკანონო მშენებლობისთვის შპს ,,ს. მ.’’ მისი ძალისხმევით არ დაჯარიმდა და მშენებლობის ნებართვაც გაიცა მისი დამსახურებით, რის სანაცვლოდაც კვლავ თაღლითურად მოითხოვა 2000 ლარი.

2016 წლის 8 ნოემბერს გ. დ. ქ. ბ-ში, პ. მ-ს ქუჩაზე მდებარე კაფე ,,ც-ში“, თითქოსდა მის მიერ გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 2000 ლარს.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. დ-სთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას უსამართლო სასჯელის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა გ. დ-ს პიროვნული მახასიათებლები და სამართლიანად განუსაზღვრა სასჯელი.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ლილუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი