საქმე # 080100117002317107
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №151აპ-18 ქ. თბილისი
ფ. რ. 151აპ-18 24 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით რ. ფ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 8 ნოემბრიდან.
განაჩენით რ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 08:45 საათზე, პლასტმასის პისტოლეტით შეიარაღებული რ. ფ., გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქ. ქ-ში, ი.ჭ-ს გამზირზე N.. მდებარე ოფისში, თავს დაესხა შპს ,,ჯ. ტ-ს“ თანამშრომელ მ. ო-ს. ყაჩაღობის შედეგად თავდამსხმელებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მ. ო-ს მობილური ტელეფონი (ღირებული 30 ლარად) და შპს „ჯ. ტ-ს“ დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 9700 თურქული ლირა, 5685 აშშ დოლარი და 300 ლარი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულია რ. ფ-ს მონაწილეობა ყაჩაღურ თავდასხმაში. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმეში არსებულ დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თანდართულ ფოტოილუსტრაციებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ლ. სამხარაულის სასამართლო-ბიოლოგიური ექსპრტიზის დასკვნებს, რ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, 2017 წლის 14 თებერვლის დათვალიერების ოქმს, რომელთა ერთობლიობითაც დასტურდება რ. ფ-ს მიმართ შერაცხული ბრალდება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ მ. ო-ს ჩვენებაზე, სადაც მან დეტალურად აღწერა 2016 წლის 2 ნოემბერს, დილის საათებში, განვითარებული მოვლენები, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ორი ნიღბიანი პირი, მას აყენებდნენ ძლიერ დარტყმებს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მაღალი აღნაგობის თავდამსხმელს ხელში პისტოლეტი ეჭირა, რომელიც აღიქვა როგორც ნამდვილი იარაღი, შეშინებულმა, რომ მოკლავდნენ, თავის გადარჩენის მიზნით მიუთითა ფულის შენახვის ადგილზე. თავდამსხმელებმა მის ცემას თავი დაანებეს, ფული აიღეს და გაიქცნენ. ფულთან ერთად ჰქონდა მობილური ტელეფონიც, რომელიც თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე 2016 წლის 8 ნოემბრის რ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა შავი პლასტმასის კონსტრუქციის პისტოლეტის მსგავსი საგანი. მასთან მიმართებით რ. ფ-მ განმარტა, რომ სწორედ ეს პისტოლეტი ჰქონდა მას ,,ჯ. ტ-ს’’ ოფისზე თავდასხმის დროს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც, მსჯავრდებულის განმარტებით, წამოიღო ყაჩაღური თავდასხმის დროს ფულთან ერთად. აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებმა: თვით რ. ფ-მ, მ. რ-მ და ლ. კ-მ.
2017 წლის 9 თებერვლის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ,,პაკეტში წარწერით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შპს ,,ჯ. ტ-ს’’ ოფისში შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე კედელზე მიდგმული სკამიდან ამოღებული შავი ფერის ქოლგაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ. ფ-ს“. 2016 წლის 8 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ რ. ფ-ს ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (№561 აპ-15) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რ. ფ-ს ჩვენება არ მიუცია. საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღადგინეს ვითარება ქმედების ჩადენის დროს, რაც ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც ამ შემთხვევაში არ ვრცელდება მოქმედი სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.
საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 8 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, თუ როგორ გადაადგილდებოდა რ. ფ. 2016 წლის 2 ნოემბერს. მან დეტალურად მიუთითა ის მარშრუტი, რომელიც გაიარა ი. ჭ-ს №... მიმართულებით, ასევე ადგილი, სადაც შეხვდა მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე მეორე პირს, აღწერა საიდან შევიდა ,,ჯ. ტ-ს’’ ოფისში, ოფისის შენობაში კი მიუთითა ის ადგილები, სადაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა შავი პლასტმასის პისტოლეტით, მიუთითა ასევე, საიდანაც აიღო თანხა (იხ. ტ1. ს.ფ. 100-108). აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რ. ფ-მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებას მიუთითა ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია სცოდნოდათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი რ. ფ-სგან (2016 წლის 8 ნოემბერს) აღებული ნერწყვის ნიმუში და მის საფუძველზე მოპოვებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ნიმუშის აღების დროს დარღვეულია პროცედურები, ექსპერტის ხელმოწერის არარსებობა პაკეტზე მიუთითებს ნიმუშის აღებისა და დალუქვის წესების დარღვევაზე, და ასევე, უარყოფილი არ არის მისი ნიშან-თვისების არსებითი შეცვლისა და ამ მტკიცებულების გამოცვლის გონივრული ეჭვი. აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 8 ნოემბრით დათარიღებული ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ რ. ფ-მ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მისგან ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, რის შემდეგაც ექსპერტმა გ. კ-მ სპეციალური ჩხირის საშუალებით რ. ფ-ს პირის ღრუდან აიღო ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა ... ლუქის მქონე პაკეტში. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ როგორც ექსპერტი გ. კ., ასევე თვით მსჯავრდებული რ. ფ. და ოქმის შემდგენი პირი მ. ბ. (ტ. 1. ს. ფ. 117-118).
აქვე სასამართლომ ყურადღება მიაპყრო მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ვ. ო-ს ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელ მ. ბ-ს მიმართვისა და დადგენილების საფუძველზე, 2016 წლის 24 ნოემბერს, ექსპერტმა დაადასტურა მის მიერ კვლევაში არსებული პაკეტების დაცულობა, ლუქის მთლიანობა და სისწორე. ნივთმტკიცების ექსპერტიზაზე წარდგენისას მიმღები პირი ამოწმებს ლუქის მთლიანობას, თუკი რაიმე დარღვევა აღმოჩნდება, ამის შესახებ აუცილებლად იქნება აღნიშნული. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყველა პაკეტი იყო დალუქული. ექსპერტის მიერ კვლევის ჩატარების შემდეგ ხდება მისი დალუქვა, ედება სპეციალური ინდივიდუალური შტრიხკოდის მქონე ლუქი, რომელზეც მითითებულია ექსპერტის სახელი, გვარი და საექსპერტო დაწესებულება. შესაბამისად, აღნიშნული პროცედურა მიჩნეულია საკმარისად და ექსპერტი პაკეტზე ხელმოწერას საჭიროდ აღარ მიიჩნევს.
ამდენად, საქმეზე დაკითხულ ექსპერტს ჩვენებაში არ მიუთითებია, რომ პაკეტის მთლიანობა დარღვეული იყო. რაც შეეხება პაკეტზე ექსპერტის ხელმოწერის არარსებობას, არ შეიძლება აღნიშნული მიჩნეულ იქნეს ისეთ საპროცესო დარღვევად, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჭ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ფ-ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაზარალებულ მ. ო-ს ჩვენებით, მოწმეების - ა. მ-ს, მ. ე-ს, გ.4 ტ-ს, ი. ს-ს, გ. კ-ს, ა. ა-ს, ლ. შ-ს, გ. ხ-ს, მ. რ-ს, ზ. ც-ს, რ. ჭ-ს, ზ. გ-ს, ი. დ-ს, მ. ბ-ს, გ. კ-ს, გ. გ-ს, ლ. ჯ-ს, ვ. ო-სა და სხვათა ჩვენებებით, ფორმა №1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული რ. ფ-ს ბრალეულობა.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის მოტივებზე, (რომლებზეც დაცვა აპელირებს საკასაციო საჩივარშიც), რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე არ მიუთითებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი