Facebook Twitter

¹ა-1780-შ-49-09 12 ოქტომბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1. ვ. ბ-ავა; 2. უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-ოვი

განხილვის საგანი _ უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. კ-ოვს, დაბადებულს 1975 წელს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. ბათუმში, ვ. ბ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის სარგებლის 1/3-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, შვილების _ 2002 წლის 20 აპრილს დაბადებული ვ. კ-ოვის და 2004 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ა. კ-ოვის სარჩენად 2009 წლის 15 აპრილიდან უფროსი შვილის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას. ვ. კ-ოვს ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ვ. ბ-ავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ხოლო უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონულმა სასამართლომ 51 გრივნის ოდენობით სასასამართლო მოსაკრებლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ვ. ბ-ავასა და უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობების თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ შუამდგომლობების, მასზე თანდართული მასალებისა და ზემოაღნიშნული განჩინების ასლები ვ. კ-ოვს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ავასა და უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. კ-ოვს, დაბადებულს 1975 წელს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. ბათუმში, ვ. ბ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის სარგებლის 1/3-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, შვილების _ 2002 წლის 20 აპრილს დაბადებული ვ. კ-ოვის და 2004 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ა. კ-ოვის სარჩენად 2009 წლის 15 აპრილიდან უფროსი შვილის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას. ვ. კ-ოვს ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ-ავასა და უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. კ-ოვს, დაბადებულს 1975 წელს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. ბათუმში, ვ. ბ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის სარგებლის 1/3-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, შვილების _ 2002 წლის 20 აპრილს დაბადებული ვ. კ-ოვის და 2004 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ა. კ-ოვის სარჩენად 2009 წლის 15 აპრილიდან უფროსი შვილის სრულწლოვანებამდე; აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას; ვ. კ-ოვს ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.