Facebook Twitter

ა-1824-შ-48-08 2 თებერვალი, 2009წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1. ო. ვ-ოვა; 2. უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ვ-ოვი

განხილვის საგანი _ უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ო. ვ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ვ-ოვს, დაბადებულს 1972 წლის 23 ნოემბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. რუსთავში, ო. ვ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით შვილის _ 1996 წლის 30 ივლისს დაბადებულ ა-ს სარჩოდ 2007 წლის 27 ნოემბრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე; გ. ვ-ოვს ასევე დაეკისრა 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 7.50 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ანაზღაურება.

ო. ვ-ოვამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით აღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ხოლო უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონულმა სასამართლომ 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 7.50 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნვეყოფის ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ო. ვ-ოვასა და უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობებისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. მასვე განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლო წარმოედგინა მოსაზრება ზემომითითებული შუამდგომლობების თაობაზე, აგრეთვე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი ამას არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

შუამდგომლობებისა და აღნიშნული განჩინების ასლები გ. ვ-ოვს 2008 წლის 8 ნოემბერს ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხეს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ო. ვ-ოვასა და უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ო. ვ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ვ-ოვს, დაბადებულს 1972 წლის 23 ნოემბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. რუსთავში, ო. ვ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით შვილის _ 1996 წლის 30 ივლისს დაბადებულ ა-ს სარჩოდ 2007 წლის 27 ნოემბრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე; გ. ვ-ოვს ასევე დაეკისრა 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 7.50 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ანაზღაურება.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთ და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის «გ» და «ვ» ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც «ა,» «ბ,» «დ,» «ე» და «ზ» ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-71-ე მუხლებით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ვ-ოვასა და უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. უკრაინის ქ. კრივოი როგის ჟოვტნევის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ვ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ვ-ოვს, დაბადებულს 1972 წლის 23 ნოემბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ. რუსთავში, ო. ვ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით შვილის _ 1996 წლის 30 ივლისს დაბადებულ ა-ს სარჩოდ 2007 წლის 27 ნოემბრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე; გ. ვ-ოვს ასევე დაეკისრა 51 გრივნის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 7.50 გრივნის ოდენობით საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯის ანაზღაურება, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.