საქმე # 010141318700056413
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
#167აპ-18 ქ. თბილისი
ბ.შ. 167აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, შ. ბ., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
· საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომანქანა „ზილ-131“ და ავტომანქანის ძარა უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
· საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მოხდეს ბენზოხერხისა და ცხრამეტი ერთეული წიფლის ჯიშის მორის საპროცესო კონფისკაცია.
2. აღნიშნული განაჩენით შ. ბ-ს მსჯავრი დაედო ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით ნასამართლევმა შ. ბ-მა, 2017 წლის 30 აგვისტოს, დღის საათებში, ა-ს რაიონის ე.წ. „ი. გ-ს“ ტერიტორიაზე, ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა 5 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალურ სამმართველოს მიადგა 1633,25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ. აპელანტმა საჩივრით ითხოვა ძირითადი სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედების ჩასადენად აუცილებელია სპეციალურად აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენება, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში ამოღებული „ზილ-131“ მარკის ავტომანქანა უნდა ჩაითვალოს დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ქონებად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენში შ. ბ-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:
შ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, ავტომანქანა „ზილ-131“ და ძარა უნდა ჩამოერთვას და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მოხდეს ბენზოხერხისა და ცხრამეტი ერთეული წიფლის ჯიშის მორის საპროცესო კონფისკაცია.
5. მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას დამატებითი სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ავტომანქანა „ზილ-131-სა“ და ავტომანქანის ძარის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ შ. ბ-სათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.
3. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. ბ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას“. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ჩამორთმეული „ზილ-131“ მარკის ავტომობილი, წარმოადგენს არა შ. ბ-ს, არამედ ბ. ბ-ს საკუთრებას, რომელიც მის კანონიერ მფლობელობაში იყო შემთხვევის დღეს. გარდა ამისა, ასევე დადგენილია, რომ ბ. ბ-მ არ იცოდა, რომ მისი ავტომანქანა გამოიყენებოდა დანაშაულებრივი საქმიანობისათვის. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლში გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ჩამორთმევის საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომანქანა „ზილ-131“ და ავტომანქანის ძარა უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომანქანა „ზილ-131“ და ავტომანქანის ძარა უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი