Facebook Twitter

¹ა-1826-შ-63-07 10 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლის ნ.ა. ზ-ს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. გ-სათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტ. ს-მ სარჩელით მიმართა რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ა. გ-სათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა.

მისი განმარტებით, 1991 წელს იქორწინა ა. გ-ზე, ... წლის ... დეკემბერს შეეძინათ ქალიშვილი ა. ს-ა, 1993 წლის გაზაფხულზე შეწყდა მხარეებს შორის ქორწინება, ხოლო 1994 წელს მოპასუხე გაემგზავრა საქართველოში. 14 წელი ა. გ-ს არ ჰქონია კონტაქტი მის ქალიშვილთან, მის აღზრდაში არანაირი წვლილი არ შეუტანია და არც ალიმენტი გადაუხდია.

რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა. გ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება და დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა _ 200 რუბლის ოდენობით.

რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ ნ.ა. ზ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლის ნ.ა. ზ-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ა. გ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება და დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა _ 200 რუბლის ოდენობით.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 10 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლის ნ.ა. ზ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

რუსეთის ფედერაციის ქ. როსტოვის ლენინის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება და დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა _ 200 რუბლის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.