¹ა-1829-შ-51-09 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. მ-ოვის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ოვს ი. ი-ევის სასარგებლოდ დაეკისრა 8200 მანათისა და სახელმწიფო ბაჟის _ 19 მანათისა და 80 კაპიკის, სულ 8219 მანათისა და 80 კაპიკის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 19 მარტს და აღსრულდა ნაწილობრივ _ გ. მ-ოვამა გადაუხადა მოსარჩელეს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ნაწილი _ 500 აშშ დოლარი (403 მანათი და 80 კაპიკი).
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სასამართლოს მიერ დარჩენილი თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს აგრეთვე სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა პირველ ინსტანციაში. ეს სასამართლო შუამდგომლობას უგზავნის სასამართლოს რომელიც კომპეტენტურია გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.
მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.
დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ი. ი-ევის სასარგებლოდ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა აზრბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვმა და არა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა პირმა _ ი. ი-ევმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩინის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი. გ-ოვის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.