Facebook Twitter

¹ა-1900-შ-59-09 24 ნოემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. დ-იანი (წარმომადგენელი ლ. დ-იანი)

მოწინააღმდეგე მხარე _ პ. გ-ალდი

განხილვის საგანი _ გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 543 F 9296/08) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 543 F 9296/08) ტონდერ/დანიის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ 2004 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹ 3519/2004) შეწყდა, დადგინდა, რომ განმცხადებლის სადაზღვევო ანგარიშიდან 23 240263 P 021, რომელიც აქვს ფედერალური გერმანიის საპენსიო სადაზღვევოში, გადაირიცხოს განმცხადებლის მოწინააღმდეგის სადაზღვევო ანგარიშზე 14 180575 D 513, რომელიც აქვს გერმანიის სამხრეთ ბავარიის საპენსიო სადაზღვევოში პენსიის მიღების უფლებით თვეში 82.41 ევრო, მიღებულია 30.09.2008წ. თვეში პენსიის თანხის მიღების უფლება იანგარიშება ასანაზღაურებელი პუნქტებით. დამატებით განმცხადებლის სადაზღვევო ანგარიშიდან 23 240263 P 021, რომელიც აქვს ფედერალური გერმანიის საპენსიო სადაზღვევოში გადაირიცხოს განმცხადებლის მოწინააღმდეგის სადაზღვევო ანგარიშზე 14 180575 D 513, რომელიც აქვს გერმანიის სამხრეთ ბავარიის საპენსიო სადაზღვევოში პენსიის მიღების უფლებით თვეში 20.71 ევრო, მიღებულია 30.09.2008წ. თვეში პენსიის თანხის მიღების უფლება იანგარიშება ასანაზღაურებელი პუნქტებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. დ-იანმა (წარმომადგენელი ლ. დ-იანი), რომელმაც მოითხოვა განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ლ. დ-იანის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში; შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. დ-იანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუკი არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი, როგორიცაა: ა. საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ. უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე. უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ. ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ადგილი არ აქვს არც “ა,” “ბ,” “დ,” “ე” და “ზ” ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 543 F 9296/08) იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, 70-71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. დ-იანის (წარმომადგენელი ლ. დ-იანი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 543 F 9296/08) იმ ნაწილში, რომლითაც ტონდერ/დანიის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ 2004 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი ¹ 3519/2004) შეწყდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.