Facebook Twitter

¹ბს-1-1(კ-06) 3 აგვისტო, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

კასატორი – გ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ო-ე (მოპასუხე; შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური (მოპასუხე), სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველო (მოპასუხე), ქუთაისის მთავრობა (მოპასუხე)

დავის საგანი: პრივატიზაციის შედეგების და კონკუსრის შედეგების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.11.05წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ლ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების საამართველოს და მ. ო-ის მიმართ და მოითხოვა 21.10.03წ. კონკურისის შედეგების და 31.10.03წ. ¹773 ნასყიდობის ხელშეკრულების

ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ო-ე გახდა არასაცხოვრებელი ფართის

119,84კვ.მ და საერთო სარგებლობის 494 კვ.მ. მიწის ფართის მესაკუთრე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 19.09.03წ. გამოცხადებულ იქნა კონკურსი არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე ქუთაისში ... ქუჩა ¹10-ში, რომელიც შეადგენდა 119,8 კვ.მ-ს. საერთო სარგებლობის 494,0 კვ.მ მიწის ფართობით. საპრივატიზებო ობიექტის გასაყიდი ფასი შეადგეს 6293,29 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, ხოლო დაკავებული მიწის ფართობის კომუნალური ფასი - 211,0 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. კონკურსი ჩატარდა 21.10.03წ., რომელშიც მონაწილეობა მიიღო მ. ო-მ.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ 19.09.03წ. 119,84 კვ.მ –ზე კონკურსის გამოცხადებით დარღვეულია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული მუხლის თანახმად, კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, ან - ადგილობრივ პრესაში. ამასთან, შესაძლებელია ინფორმაციის სხვა საშუალების გამოყენება. მოსარჩელე დაინტერესებული იყო აღნიშნული ფართის გაყიდვის შემთხვევაში მონაწილეობა მიეღო პრივატიზაციის პროცესში, ვინაიდან, ცხოვრობს მეორე სართულზე და სურვილი ჰქონდა შეესყიდა ქვედა სართული და გაეუმჯობესებინა საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელის განმარტებით, მისი მშობელი სისტემატურად აკითხავდა პრივატიზაციის სამმართველოს რათა გაეგო იყიდებოდა თუ არა ზემოაღნიშნული ფართი, მაგრამ არასაცხოვრებელი ფართის გაყიდვა გასაიდუმლოებული იყო. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც გამყიდველს უკეთეს პირობებს შესთავაზებს. აღნიშნული მუხლი ამ შემთხევაში დარღვეულია, რადგან კონკურსში, მხოლოდ მ. ო-ე ღებულობდა მონაწილეობას, ამიტომ სხვა მყიდველის მიერ გამყიდველისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება გამორიცხული იყო. დარღვეულია აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ვინაიდან, ობიექტის თაობაზე გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტების მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებული ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, საჭიროების შემთხვევაში მყიდველს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში ობიექტის თაობაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული მისამართი. გასაყიდი ობიექტი არასაცხოვრებელი ფართი 119,84 კვ.მ მდებარეობს არა ... 10-ში, არამედ ¹12-ში. აღნიშნულს ადასტურებს მერიის მართვის ტერიტორიული სამსახურიდან გაცემული ცნობა. მოსარჩელის განმარტებით როდესაც ქუჩას ეცვლება ნუმერაცია, მხოლოდ ერთი ნომრის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ერთი ნომრის შეცვლა გამოიწვევს მეორის შეცვლას. მოსარჩელის განმარტებით, ნუმერაციის უკანონოდ შეცვლამ გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობზე მ. ო-ის საზიარო უფლების წარმოშობა.

25.10.04წ. და 02.1204წ. გ. ლ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და დამატებით მოითხოვა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ 19.10.04წ. ¹70 მშენებლობის ნებართვის და 19.04.04წ. დავალება-პროექტირების გაუქმება მ. ო-ის კუთვნილ არასაცხოვრებელ ფართში პიცერია-სახაჭაპურის მოწყობასთან დაკავშირებით და ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის საკონსულტაციო საბჭოს 18.10.04წ. ¹1 ოქმის და 08.09.04წ. ¹3 ოქმის გაუქმება, აგრეთვე მ. ო-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმება საჯარო რეესტრში და სადავო ფართის ნაწილში ქუთაისის მთავრობის 10.10.03წ. დადგენილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ პიცერია-სახაჭაპურის პროექტი უკანონოა, პროექტირება განხორციელდა ნორმების დარღვევით. კერძოდ, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობლები ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მოსარჩელის განმარტებით სადავო ფართში პიცერია-სახაჭაპურის მოწყობა ხელყოფს მის უფლებებს და ხელს შეუშლის მის ოჯახს ნორმალურ არსებობაში. მოსარჩელის განმარტებით პიცერია-სახაჭაპურის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ორთქლის, სუნის, ხმაურის, მუსიკის და რხევების ხმა გადააჭარბებს დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოღებულია საყრდენი კედლები, რაც შენობის სიმტკიცისა და უსაფთხოებისთვის არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ საყრდენი კედლები მდებარეობს მ. ო-ის კუთვნილ ფართში, მოსარჩელეს მასზე გააჩნია თანაზიარი უფლებები.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა ქ. ქუთაისის მთავრობის 10.10.03წ. ¹93 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და მოითხოვა აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მითითებული ... ქუჩა ¹10-ის ნაცვლად, ... ქუჩა ¹12-ის მითითება.

06.04.05წ. მ. ო-მ შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის მთავრობის 10.10.03წ. ¹93 დადგენილების ¹1 დანართის მე-3 პუნქტის ... ქ ¹10-ში მდებარე 119,84 მ2@არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო ქონების ნუსხაში შეტანის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია მუნიციპალური ქონების პრივატიზებისთვის ნუსხის დამტკიცება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით. ,,1997 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ» ქუთაისის მერიის 03.09.97წ. ¹566 ბრძანების 56-ე ნომრად მითითებულია ... ¹12-ში განთავსებული 72მ2 არასაცხოვრებელი ფართი, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის მ. გ-ს 17.10.97წ ¹202-1585/4-7 მოწერილობით ნუსხა შეთანხმებულია. სამინისტროს მიერ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხიდან სადავო ფართი არც მაშინ და არც შემდგომში არ ამოღებულა.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ქუთაისის მთავრობამ 01.03.03წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში წარადგინა საპრივატიზებო ქონების ნუსხა დასამტკიცებლად, ამ ნუსხაში მ. ო-ზე მიყიდული ფართი არ არის შეტანილი. ქუთაისის მერის დამატებით წერილობით მოთხოვნას ამ სიის დამტკიცებაზე, სამინისტროდან პასუხად 12.02.04წ. ¹01/06-1135/11-3 მომართვით გადმოგზავნილ ნუსხაშია ჩასმული ... ქუჩა ¹10-ში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული მიმართვა და ნუსხა ქუთაისის მთავრობაში გატარდა 29.03.04წ., მას შემდეგ, როდესაც მ. ო-ის მიერ უკვე მომხდარი იყო 21.10.03წ. ამ ფართის პრივატიზება და საჯარო რეესტრში ირიცხებოდა მის სახელზე. ამასთან, ¹93 დადგენილება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან იგი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშეა დამტკიცებული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.05.05წ. გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მთავრობის 10.10.03წ. ¹93 დადგენილება ... ქუჩა ¹10-ში მდებარე 119,84 კვმ ფართის პრივატიზაციის ნუსხაში შეტანის ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.05.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 14.11.05წ. განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.05.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის მერიის 30.09.97წ. ¹566 ბრძანებით, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდა მუნიციპალური საწარმოების და ორგანიზაციების საპრივატიზებო ნუსხა. აღნიშნულ ნუსხაში შეტანილ იქნა ქუთაისში ... ქუჩა ¹12-ში მდებარე 72,65 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ქ. ქუთაისის მერიის ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად საპრივატიზებო ქონების ნუსხა წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რის შედეგადაც მინისტრის მოადგილის მ. გაბუნიას 17.10.97წ. ¹02-1585/4-7 წერილის საფუძველზე, რიგი ობიექტების გამოკლებით ნუსხაში მითითებული ობიექტების პრივატიზაციაზე მიცემული იქნა თანხმობა. თანხმობის შემდეგ საპრივატიზებო ობიექტების ამ ნუსხიდან ... ¹12-ში არსებული არასაცხოვრებელი ფართი არც მაშინ და არც შემდგომ არ ამოღებულა. სადავო ობიექტი ირიცხებოდა ადგილობრივი მმართველობის ბალანსზე და მასში 1995 წლიდან განთავსებული იყო ქალაქის კულტურის მუშაკთა პროფკავშირების კომიტეტი. ფართის სარეგისტრაციო ნომერი იმ პერიოდისთვის იყო ... ქუჩა ¹12, ხოლო ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 12.10.01წ. ¹2787 წერილში, რომელიც გაეგზავნა კულტურის პროფკავშირების თავმჯდომარეს, ფართის მისამართად მითითებულია ¹10. საჯარო რეესტრის ქუთაისის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ ... ქუჩა ¹10 ადრე აღრიცხული იყო საბინაო სამმართველოზე და მისი მისამართი იყო ... ქუჩა ¹12. კონტროლის პალატის 14.04.05წ. კომპლექსური რევიზიის აქტით ... ყოფილი ¹12 და ... ¹10 მოხსენიებულია როგორც ერთი და იგივე ფართი ანუ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ქუთაისის მერიის 30.09.97წ. ¹566 ბრძანებით დამტკიცებული, საპრივატიზებო ნუსხაში შეტანილი 72,65კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ... ქუჩა @¹12-ში, და კონკურსის წესით გაყიდული ფართი, მდებარე ... ქუჩა ¹10-ში ერთი და იგივე ფართია.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ფართის პრივატიზაციის პროცესი დაიწყო 2003 წლის ივლისში კულტურის პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის მიმართვის საფუძველზე. საკონკურსო პირობები და 18.09.05წ. სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა პრივატიზების ბიულეტენის იმავე წლის 19 სექტემბრის ნომერში. კონკურსი ჩატარებულია 21.10.03წ., საკონკურსო კომისიამ მიიღო მ. ო-ის განაცხადი. საკონკურსო კომისიის დადგენილებით წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებს და იგი საკონკურსო კომისიის სხდომის ¹17 ოქმით ცნობილი იქნა გამარჯვებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქონების მართვის სამმართველოს მიერ დაცულია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის I და II, ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლით და ,,მეწარმეთა კანონის» მე-2 და მე-9 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის წესით გაყიდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დადგენილია, რომ სადავო ობიექტის გასაყიდად გამოტანა მოხდა ქუთაისის მერიის 30.09.97წ. ¹566 ბრძანებით დამტკიცებული მუნიციპალური საწარმოებისა და ორგანიზაციების საპრივატიზებო ნუსხის შესაბამისად, სადაც სადავო ობიექტის ფართი მითითებულია 72,65 კვ.მ. 2003 წლის ივლისში ფართის პრივატიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიერ მოხდა სადავო ფართის რეალური ზომების დადგენა. შედგა გეგმა ანაზომი და გაკეთდა დროებითი პასპორტი, რის შემდეგ 18.09.03წ. პრივატიზაციის ბიულეტენში გამოქვეყნდა კონკურსის წესით გასაყიდი ფართის ზუსტი ოდენობა 119,84 კვმ. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებული ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, საჭიროების შემთხვევაში მყიდველს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია». სააპელაციო პალატის აზრით კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ყველა ის აუცილებელი მონაცემი, რაც ობიექტის გაყიდვის დროს უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული, მითითებული იყო საპრივატიზებო ბიულეტენში. რაც შეეხება მუნიციპალური საწარმოებისა და ორგანიზაციების საპრივატიზებო ნუსხაში და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული მონაცემების გასაყიდი ფართის შესახებ სხვაობას, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას გ. ლ-ისთვის რაიმე ზიანის მიყენება არ შეეძლო, მისი უფლება საპრივატიზაციო ქონების კონკურსის წესით გაყიდვის პროცესში არ დარღვეულა, რადგან მას შეეძლო მონაწილეობა მიეღო გამოცხადებულ კონკურსში და განეხორციელებინა კონსტიტუციური უფლება კონკურსის წესით უძრავი ქონების შეძენაზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პრივატიზაციის პროცედურის დარღვევას, ანუ არასწორი მონაცემების გამოქვეყნებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ქუთაისის მერია სადავოდ არ ხდის სადავო ფართის გაყიდვის გარემოებებს. კერძოდ, სადავო არ გაუხდია, ის გარემოება, რომ ფართი საპრივატიზებო ნუსხაში შეტანილი იყო 72,65 კვმ და, რომ ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ ფაქტიურად გაიყიდა 119,84 კვმ. სადავო ქონების გაყიდვის შემდეგ ქუთაისის მთავრობამ, როგორც ქონების მესაკუთრემ მოიწონა მხარეებს შორის დადებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილმა ორგანომ ქუთაისის მერიამ, როგორც ქონების მესაკუთრემ მოიწონა გარიგება, რომელიც საჭიროებდა თანხმობას. მოწონებას აქვს უკუძალა, ხოლო მოწონებული გარიგება ნამდვილად ითვლება არა მოწონების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ლ-ს სადავო ფართზე განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად დადებული ხელშეკრულებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავო ფართზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეს არ წარმოადგენდა, კონკრეტულად რაიმე ზიანი არ მიდგომია და მისი უფლებები არ დარღვეულა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელატის მოსაზრება იმ ნაწილშიც, რომ ქონების აღრიცხვის და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ კონკურსის წესით მ. ო-ზე გაიყიდა არა ... ქუჩა ¹10-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 119,84 კვ.მ, არამედ, ... და ს...ის ქუჩა ¹12-14/1-ში მდებარე ქუთაისის მთავრობის მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე რიცხული მეორე სართულზე მდებარე 72,65კვმ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ...სა და ს...ის ქუჩა ¹12-14/1 არის კუთხის ბინა, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. რაც შეეხება ... ქუჩა ¹12-ს არის ორი სხვადასხვა მიმართულების ქუჩა. ამასთან, ქუთაისში ...სა და ს...ის ქუჩა ¹12-14/1 ქუთაისის მთავრობის მართვის ტერიტორიული სამსახურის ბალანსზე რიცხული მეორე სართულზე მდებარე 72,65კვმ არ იყო შეტანილი 2003 წლის საპრივატიზებო ნუსხაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით იმ შემთხვევაში თუ გაიყიდა არა სადავო ფართი, არამედ სხვა ფართი, მაშინ მოთხოვნა არ უნდა იყოს პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობა, რადგან გ. ლ-ის ინტერესში მისივე განმარტებიდან გამომდინარე, არ შედის ...სა და ს...ის ქუჩა ¹12-14/1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის გაყიდვის ბათილად ცნობა.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ 2004 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ¹70 მშენებლობის ნებართვის, 2004 წლის 19 აპრილის დავალება-პროექტირების გაუქმებისა და საკონსულტაციო საბჭოს 08.09.04წ. ¹3 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში. პალატის განმარტებით პროექტის შედგენისას დაცულია უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმები, რაც დადასტურდა საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მ. ო-ის შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე სადავო ¹93 დადგენილებას გაეცნო მოსარჩელის მიერ დამატებითი სარჩელის წარდგენის შემდეგ. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით რაიონულმა სასამართლომ სწორად ჩათვალა შეგებებული სარჩელი ექვს თვიან ვადაში შეტანილად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით უდავოდ დასტურდება, რომ მ. ო-სა და გ. ლ-ის ფართები, ერთი და იგივე ¹254, 494კვმ ფართის მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და მოსარჩელის მითითება, რომ ეს ფართები სხვადასხვა მისამართზე მდებარეობს საფუძველს მოკლებულია. საინფორმაციო ბიულეტენში მითითებულია ასევე მიწის ნორმატიული ფასი 6,80 ლარი 1 კვმ-ზე და დაანგარიშებულია 119,84კვ.მ-ზე, მიწა აღიარებულია მ. ო-ის და გ. ლ-ის საერთო საკუთრებად და რეგისტრირებულია საჯარო რეეესტრში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.11.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

31.07.06წ. საკასაციო სასამართლოში დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა კასატორ გ. ლ-ისა და მ. ო-ის, ქუთაისის მთავრობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს, აგრეთვე ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი, შესაბამისი სამსახურების ბეჭდებით დამოწმებული, აგრეთვე სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე გ. ლ-ი უარს აცხადებს სარჩელზე. სანაცვლოდ, მ. ო-ე კისრულობს ვალდებულებას გ. ლ-ს გადაუხადოს 6500 (ექვსიათას ხუთასი) აშშ დოლარი მორიგების დადასტურებიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე დროს მ. ო-ე, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ქუთაისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე 494 კვმ მიწის ნაკვეთის ფართის თანამესაკუთრედ გ. ლ-თან ერთად, თავის უფლებას საერთო საკუთრების ეზოზე მთლიანად უთმობს გ. ლ-ს იგივე უფლებით. ამავე დროს იმავე მისამართზე მდებარე მ. ო-ის საკუთრებაში არსებული 119,84 კვმ არასაცხოვრებელი ფართიდან მ. ო-ის მიერ სამი თვის ვადაში ამოკეტილი იქნება ეზოზე გამავალი გასასვლელი კარები და დარჩება ყრუ კედელი მხოლოდ სარკმლის გათვალისწინებით.

გ. ლ-ი თავის მხრივ თანახმაა, რომ მ. ო-ის საკუთრებაში დარჩეს პრივატიზაციის შედეგად შესყიდული 119,84კვმ არასაცხოვრებელი ფართი ეზოს გარეშე. ამავე დროს თანახმაა მ. ო-მ ფართში აწარმოოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის პროექტით გათვალისიწინებული პიცერია-სახაჭაპურე ეზოს მხარეზე მდებარე კედლის ამოკეტვით. მ. ო-ე თანახმაა გ. ლ-მა თავის საკუთრებაში არსებული სარდაფი გამოიყენოს კანონის ფარგლებში სურვილისამებრ.

საკასაციო პალატამ განიხილა 26.07.06წ. მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტი. მორიგების აქტს ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები, მორიგების აქტის საფუძველზე, მხარეებს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოგვარებულია და ისინი სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტენ სასამართლო დავას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია მორიგების აქტის დამტკიცება. სასკ-ის მე-3 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეოებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ ან უარი თქვან სარჩელზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგება არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქმის წარმოება შეწყდეს მორიგების საფუძველზე.

2. კასატორს გ. ლ-სა და და მ. ო-ის, ქუთაისის მთავრობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს, აგრეთვე ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურს შორის დამტკიცდეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

ა. მოსარჩელე გ. ლ-ი უარს აცხადებს სარჩელზე. მ. ო-ე კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს გ. ლ-ს 6500 (ექვსიათას ხუთასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დადასტურებიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე დროს მ. ო-ე, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ქუთაისში ... ქუჩა ¹10-ში მდებარე 494 კვმ მიწის ნაკვეთის ფართის თანამესაკუთრედ გ. ლ-თან ერთად, თავის უფლებას საერთო საკუთრების ეზოზე მთლიანად უთმობს გ. ლ-ს იგივე უფლებით. ამავე დროს იმავე მისამართზე მდებარე მ. ო-ის საკუთრებაში არსებული 119,84 კვმ არასაცხოვრებელი ფართიდან მ. ო-ის მიერ სამი თვის ვადაში ამოკეტილი იქნება ეზოზე გამავალი გასასვლელი კარები და დარჩება ყრუ კედელი მხოლოდ სარკმლის გათვალისწინებით;

ბ. გ. ლ-ი თავის მხრივ თანახმაა, რომ მ. ო-ის საკუთრებაში დარჩეს პრივატიზაციის შედეგად შესყიდული 119,84კვმ არასაცხოვრებელი ფართი ეზოს გარეშე. ამავე დროს თანახმაა მ. ო-მ ფართში აწარმოოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის პროექტით გათვალისიწინებული პიცერია-სახაჭაპურე ეზოს მხარეზე მდებარე კედლის ამოკეტვით;

გ. მ. ო-ე თანახმაა გ. ლ-მა თავის საკუთრებაში არსებული სარდაფი გამოიყენოს კანონის ფარგლებში სურვილისამებრ;

3. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. გაუქმებულად ჩაითვალოს ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ფართზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.