Facebook Twitter

¹ ა-2021-შ-65-06 22 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის .... ¹....-ის მეთაურის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოქალაქე კ. ჯ-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის …... ¹.... სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კ. გ-ს ძე ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 31142 მანეთის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 1044 მანეთის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1998 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანას ГАЗ 31029 სახელმწიფო ნომერი … და ავტომანქანა ВАЗ-21074 სახელმწიფო ნომერი …. შორის, რომელსაც მართავდა მოპასუხე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტოშემთხვევის შედეგად, რომელიც მოხდა მოპასუხის ბრალით, მოსარჩელის კუთვნილ მანქანას მიადგა მაქანიკური დაზიანებები.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილი მისი უკანასკნელი მისამართის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შეპასუხება სარჩელზე არ წარმოუდგენია.

რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. გ-ს ძე ჯ-ს ... ¹...-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 31142 მანეთი და სასამართლო ხარჯები 1044 მანეთი, სულ 32186 (ოცდათორმეტი ათას ასოთხმოცდაექვსი) მანეთის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 12 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

... ¹.... 2005 წლის 15 ივნისს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ... ¹...-ის მეთაურის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა კ. ჯ-ი; გამოცხადდა მისი დედა ი. ჯ-ი, რომელმაც წარმოადგინა კ. ჯ-ის გარდაცვალების მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ იგი გარდაიცვალა 2004 წლის 3 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ... ¹...-ის მეთაურის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. გ-ს ძე ჯ-ს ... ¹35553-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 31142 მანეთი და სასამართლო ხარჯები 1044 მანეთი, სულ 32186 (ოცდათორმეტი ათას ასოთხმოცდაექვსი) მანეთის გადახდა. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხე, რომელიც გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილი მისი უკანასკნელი მისამართის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შეპასუხება სარჩელზე არ წარმოუდგენია (ს.ფ. 8).

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 12 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა (ს.ფ. 6).

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები. “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტში ასევე მითითებულია, რომ გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობიდან ირკვევა, რომ კ. ჯ-ი გარდაიცვალა 2004 წლის 3 ნოემბერს (ს.ფ. 25). აქედან გამომდინარე, უფლებამოსილი პირი ვერ იქნებოდა გაფრთხილებული რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის სხდომის შესახებ, რადგან საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სხდომა ჩატარდა კ. ჯ-ის გარდაცვალების შემდგომ. შესაბამისად, უკანონოდ იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რუსეთის ფედერაციის ... ¹...-ის მეთაურის შუამდგომლობის, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის ... ¹....-ის მეთაურის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტაგანკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.