Facebook Twitter

¹ა-2042-შ-70-09 26 ნოემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის მალათია-სებასტიას მუნიციპალიტეტის საერთო უფლებების სასამართლოს მოსამართლე მ.გ-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. მ-შვილისა და ზ. მ-ურის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. მ-შვილს დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება: ვ. ო-იანის სასარგებლოდ _ 2027579 სრ დრამის, რ. ჟ-იანის სასარგებლოდ _ 993000 სრ დ. და ზირავარდ ადამიანის სასარგებლოდ _ 145000 სრ დრამის გადახდა. გ. მ-შვილსა და ზ. მ-ურს დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება: ჰ. ბ-აინისა და ვ. მ-იანის სასარგებლოდ _ 1616840 სრ დ. და ლ. ხ-იანის სასარგებლოდ _ 454000 სრ დრამის გადახდა. აგრეთვე გ. მ-შვილსა და ზ. მ-ურს ვ. გ-იანის სასარგებლოდ დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1151955 სრ დრამის (1153955 სრ დრამიდან გამორიცხული 2000 სრ დრამის) გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 15 ოქტომბერს და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის მალათია-სებასტიას მუნიციპალიტეტის საერთო უფლებების სასამართლოს მოსამართლე მ.გ-იანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სასამართლოს მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის მალათია-სებასტიას მუნიციპალიტეტის საერთო უფლებების სასამართლოს მოსამართლე მ.გ-იანის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს აგრეთვე სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა პირველ ინსტანციაში. ეს სასამართლო შუამდგომლობას უგზავნის სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.

მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.

დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით გ. მ-შვილსა და ზ. მ-ურს დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ჰ. ბ-აინის, ვ. მ-იანი და სხვათა სასარგებლოდ, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სადავო განაჩენის აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის მალათია-სებასტიას მუნიციპალიტეტის საერთო უფლებების სასამართლოს მოსამართლე მ.გ-იანმა და არა სადავო განაჩენის აღსრულებით დაინტერესებულმა პირებმა _ ჰ. ბ-აინმა, ვ. მ-იანმა და სხვებმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის მალათია-სებასტიას მუნიციპალიტეტის საერთო უფლებების სასამართლოს მოსამართლე მ.გ-იანის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის მალათია-სებასტიას მუნიციპალიტეტის საერთო უფლებების სასამართლოს მოსამართლე მ.გ-იანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის სისხლის სამართლის სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.