Facebook Twitter

¹ა-2051-შ-71-09 12 ნოემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. მ-იანი

წარმომადგენელი _ ლ. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-იანი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-იანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. მ-იანის მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილების _ მ. მ-იანისა და მ. მ-იანის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის ¹ედმ/0071/02/09 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. მ-იანისა და ა. მ-იანის ქორწინება გაუქმდა, ა. მ-იანს ი. მ-იანთან მცხოვრები შვილების _ 1996 წლის 7 იანვარს დაბადებული მ. მ-იანისა და 1996 წლის 30 დეკემბერს დაბადებულ მ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის 15000 სომხეთის რესპუბლიკის დრამის ანაზღაურება შვილების სრულწლოვანებამდე, ალიმენტის დაკისრების დასაწყისად განისაზღვრა 2009 წლის 2 თებერვალი.

ამავე სასამართლოს მოსამართლე კ.ფარხოიანის მიერ გადაწყვეტილებაზე გაკეთებული შენიშვით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 6 აპრილს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ი. მ-იანის წარმომადგენელმა ლ. ხ-შვილმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა, სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, დადასტურება იმ გარემოებისა, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ზუსტი თარიღის მითითება, რადგანაც თავად გადაწყვეტილებაში მისი მიღების თარიღად მითითებულია 2009 წელი, ხოლო აღწერილობითი ნაწილიდან ირკვევა, რომ საქმე სასამართლომ განიხილა 2003 წლის 3 მარტს.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ი.მ-იანის წარმომადგენელ ლ.ხ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ.20). სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. მ-იანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში ი. მ-იანის წარმომადგენელმა ლ. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების, რომლითაც ი.მ-იანი და ა.მ-იანი განქორწინდნენ, ასევე ა.მ-იანს დაეკისრა მოსარჩელესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურება იმისა, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ასევე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ზუსტი თარიღის მითითება, რადგანაც თავად გადაწყვეტილების მიღების თარიღად მითითებულია 2009 წელი, ხოლო მისი აღწერიობითი ნაწილიდან ირკვევა, რომ საქმე სასამართლომ განიხილა 2003 წლის 3 მარტს.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ.ხ-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 20 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმის თანახმად, მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის ასათვლელად. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ლ.ხ-შვილმა ჩაიბარა ამავე წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ.20). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 21 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ოქტომბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. მ-იანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. მ-იანის წარმომადგენელ ლ. ხ-შვილის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის მალათია-სებასტიას რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.